სტატიები

“ახალგაზრდებს აქვთ ბიზნეს-იდეები, მაგრამ არ აქვთ ფული მათ განსახორციელებლად” – ხედვები და გეგმები პრობლემის საპასუხოდ

გორის მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ ახალგაზრდები, რომლებიც უსახსრობის გამო, საკუთარი იდეების განხორციელებას ვერ ახერხებენ. პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად სამოქალაქო სექტორს მუნიციპალური პროგრამის შემუშავება მიაჩნია, რომელიც ახალგაზრდებს საკუთარი საქმის წამოწყებაში და განვითარებაში დაეხმარება.

| ”ახალგაზრდებს აქვთ ბიზნეს-იდეები, რომლის განხორციელებასაც ფინანსების არქონის გამო ვერ ახერხებენ.”

ჩირების წარმოება მინდოდა. წარმომედგინა, რომ ეს იქნებოდა საქმე, რომელსაც ჩემი მონდომებით, დედისგან მიღებული ცოდნით და დახმარებით წარმატებულ ბიზნესად ვაქცევდი“, – ამბობს ლაურა ხჩოიანი. 

ლაურა 19 წლისაა. Საკუთარი იდეისთვის დაფინანსების მოძიება, უნივერსიტეტში ჩაბარებიდან მალევე სცადა, თუმცა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. 

ძალიან მინდა, რომ ერთხელაც ეს ჩემი იდეა განვახორციელო. საგრანტო კონკურსებს სულ ვადევნებ თვალს, მაგრამ ეს პროცესი იმდენ დამატებით დროს და ენერგიას მოითხოვს, რომ სწავლის პარალელურად ძალიან რთული ხდება საკუთარი ჩანაფიქრისთვის ბრძოლა“. 

ლაურას თქმით, მსგავსი გამოწვევის წინაშე არაერთი ახალგაზრდაა. მისივე სიტყვებით, “ბევრმა დაფინანსების მოპოვების იმედი დაკარგა და ახლა უბრალოდ სადმე, რამე სამსახურს ეძებს”. 

“უამრავი ახალგაზრდაა, ვისაც საინტერესო და კრეატიული იდეა აქვს, მაგრამ დაფინანსების მოძიების სირთულე ნელ-ნელა მოტივაციას უქრობს. ვიცი ახალგაზრდები, ვინც საბოლოოდ დაკარგა იმედი და ახლა ამჯობინებს, რომ სადმე თუნდაც დაბალ-შემოსავლიანი სამსახური ნახოს და იქ იმუშაოს. ეს რა თქმა უნდა, არამარტო ამ ახალგაზრდების, არამედ ქვეყნის განვითარებისთვისაც ცუდია”. 

ლაურა ფიქრობს, რომ ახალგაზრდების მონდომება, განვითარების სურვილი და ინტერესები უპასუხოდ არ უნდა რჩებოდეს. მისი აზრით, ამ მიმართულებით ახალგაზრდების მხარდაჭერაზე ადგილობირვმა ხელისუფლებამაც უნდა იზრუნოს. 

ახალგაზრდების მხარდაჭერის საჭიროება იმ კვლევამაც აჩვენა, რომელიც 2023 წლის ბოლოს, გორის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ ჩაატარა. 

კვლევაში 376-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქედან თითქმის 40%-მა აღნიშნა, რომ ახალგაზრდული კრეატიული იდეების დაფინანსება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის”, – გვითხრა კვლევის ინიციატორმა და გორის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე დაკო მურადაშვილმა.

| ”ახალგაზრდული იდეების მხარდაჭერა მუნიციპალიტეტსაც გააძლიერებს.” 

ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ადამიანები ფიქრობენ, რომ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ახალგაზრდების მიგრაციაა. ამ პროცესის შეჩერება კი ადგილზე განვითარებისა და გაძლიერებისთვის საჭირო პირობების შექმნით არის შესაძლებელი. 

ბევრი ახალგაზრდა ტოვებს მუნიციპალიტეტს, რადგან აქ საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ახერხებს”, – გვითხრა თაკო თინიკაშვილმა, რომელიც უკვე წლებია ახალგაზრდებთან მუშაობს. 

თაკოს თქმით, ახალგაზრდებს სჭირდებათ საკუთარი უნარების წარმოჩენაში, თავის დამკვიდრებაში და თვითრეალიზაციაში დახმარება. ამის უზრუნველყოფა კი ყველაზე ეფექტურად მათივე იდეების მხარდაჭერით არის შესაძლებელი. 

აუცილებელია მუნიციპალური პროგრამა შეიქმნას, რომლის მიზანი ახალგაზრდული იდეების დაფინანსება და მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა იქნება. მსგავსი პროგრამა ახალგაზრდების გადინებასაც შეაჩერებს და მუნიციპალიტეტს ეკონომკურადაც გააძლიერებს”, – გვითხრა თაკო თინიკაშვილმა. 

თაკო გორის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრიც არის და აპირებს, რომ თანამოაზრეებთან ერთად, ამ მიმართულებით მუშაობა გააქტიუროს. 

ახალგაზრდებისთვის მცირედი მხარდაჭერაც კი შეიძლება დიდი იმედის და მოტივაციის მიმცემი იყოს. არის მოსაზრება, რომ სტარტაპების უმრავლესობა განწირულია და მხოლოდ იშვიათი გამონაკლისები ახერხებენ ბაზარზე თავის დამკვიდრებას, მაგრამ თუ ახალგაზრდების ბიზნეს-იდეების მხარდაჭერა თანმიმდევრულ პოლიტიკით მოხდება, სასიკეთო შედეგები აუცილებლად დადგება”. 

თაკოს აზრით, ახალგაზრდული ბიზნეს-იდეების დაფინანსების პროგრამა ასევე უნდა მოიცავდეს ამ საქმიანობების პოპულარიზაციასაც. 

“ბევრი რამ პიარზეა დამოკიდებული, რისი ეფექტურად დაგეგმვაც შეიძლება. გამოფენა-გაყიდვები, სხვადასხვა ღონისძიებებზე მონაწილეობა, პარტნიორული ქსელების შექმნა თავისთავად გაზრდის დაფინანსებული იდეების წარმატების შანსებს. Საბოლოოდ კი, მივიღებთ რეალიზებულ მეწარმე ახალგაზრდებს და წარმატებულ წარმოებებს მუნიციპალიტეტში”. 

| “ახალგაზრდებში მეწარმეობის განვითარება მნიშვნელოვანია.”

ახალგაზრდებში მეწარმეობის განვითარება მნიშვნელოვანია. გვაქვს ჩვენი გეგმები და იმედია, მომავალში მეტი რესურსებიც გვექნება”, – გვითხრა გიორგი ედიშერაშვილმა, გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს დირექტორმა. 

წესდების მიხედვით, აღნიშნული სააგენტოს ერთ-ერთი მიზანი სწორედ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერების და განვითარების ხელშეწყობაა. 

“ახალგაზრდებში მეწარმეობის განვითარება მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში იქნება სახსრები მსგავსი მუნიციპალური პროგრამის შემუშავებისა და დაფინანსებისთვის. მანამდე კი, ჰაკათონებს და საგანმანათლებლო აქტივობებს ვაპირებთ, რომელთა მიზანი ახალგაზრდებში შემოქმედებითი და სამეწარმეო უნარების და აზროვნების განვითრებაა”.

გიორგის თქმით, ბიზნეს-იდეის მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის, სააგენტო მზად არის საკონსულტაციო შეხვედრებისთვის.

“მათთვის, ვისაც აქვს ბიზნეს იდეა და სურს მისი განხორციელება, ჩვენ შეგვიძლია კონსულტაციების შეთავაზება. ასევე მზად ვართ, სივრცის და კონტაქტების გაზიარებისთვის”. 

| “ახალგაზრდების გაძლიერებით დაიწევს მიგრაციის დონეც.”

ახალგაზრდების ფინანსური მხარდამჭერის პროგრამის შექმნას საჭიროდ თვლიან ახალგაზრდული მუშაკებიც. Მაგალითად, მარიამ ისპირიანი, რომელიც 2016 წლიდან ახალგაზრდულ საკითხებზე მუშაობს, ამბობს, რომ ახალგაზრდების გაძლიერებით მუნიციპალიტეტში მიგრაციის დონეც დაიწევს.

იმისთვის რომ ახალგაზრდებმა მოიპოვონ ფინანსური დამოუკიდებლობა, მნიშვნელოვანია მათი ბიზნეს იდეების მხარდაჭერა და დაფინანსება, რაც არის წინაპირობა ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერების. ბიზნეს იდეების დაფინანასებით, წინ წამოიწევს პროფესიული განათლებაც, რადგანაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი უნარების რეალიზებას და ამით საარსებო წყაროს შექმნას.”

Მარიამის თქმით, მუნიციპალიტეტში ეკონომიკური დამოუკიდებლობის შესაძლებლობების შექმნა, ახალგაზრდებს ადგილზე თავის დამკვიდრებაში დაეხმარება და მიგრაციის დონეს შეამცირებს. 

ახალაგზრდების ბიზნეს იდეების დაფინანსება და მხარდაჭერა ხელს შეუწყობს მათ ადგილზე დამაგრებას და დამკვიდრებას. Ამით კი დაიწევს მიგრაციის დონე, რადაგანაც ახალგაზრდები უკვე ადგილზე შეძლებენ მათთვის საინტერესო საქმიანობით თანხის გამომუშავებას. გარდა ამისა, მათი ბიზნეს-იდეების დაფინანსება გახდება საწინდარი უამრავი ქართული სტარტაპის, რაც ქვეყნის ეკონოომიკაზეც პოზიტიურად აისახება”.


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.