“მოკვლის განზრახვა არ მქონდა”, – ამის შესახებ, გორში ძაღლის დაჭრისთვის დაკავებულმა 65 წლამდე ასაკის კაცმა ადვოკატს განუცხადა. მის ინტერესებს თამარ თედლიაშვილი იცავს, რომელიც აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარის გამო სინანულს გრძნობს.
“ძალიან წუხს მომხდარის გამო, რადგან მისი მიზანი არ ყოფილა ცხოველისთვის ზიანის მიყენება და სასტიკი მოპყრობა. აღნიშნული შემთხვევა მოხდა ისეთ ვითარებაში, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა იარაღიდან შეშინების მიზნით გაისროლა, რადგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძაღლი ზიანს აყენებდა მის მეურნეობას. როგორც ჩანს ძაღლს ტყვია ხიდან ანასხლეტის სახით მოხვდა”, – ამბობს დაკავებული კაცის ადვოკატი თამარ თედლიაშვილი.
ძაღლის დაჭრისთვის დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება ბრალის ოფიციალურად წარდგენას, რის შემდეგაც აღკვეთის ღონისძიების საკითხზე გორის რაიონული სასამართლო იმსჯელებს.