უფროსებში 38 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა, რომელიც შესაძლოა, 5 დღეზე მეტხანსაც გაგრძელდეს, თავის, სახსრების, კუნთების ტკივილი და საერთო სისუსტე, ბავშვებში – მოთენთილობა, ხანგრძლივი ძილი, საკვებზე უარის თქმა – ეს არის ძირითადი სიმპტომები, რაც წელს გავრცელებული გრიპის ვირუსებისთვის არის დამახასიათებელი.
გორმედის სამედიცინო ცენტრის პედიატრი ნანა ნინიაშვილი ამბობს, რომ ამჟამად გავრცელებულია გრიპის ორი ტიპის ვირუსი – H1N1 და H1N2. ექიმი აღნიშნავს, რომ პაციენტების მიმართვიანობა საგრძნობლად გაზრდილია.
“მოდიან ტემპერატურის ჩივილით, გრიპოზული მოვლენების ჩივილით. ცირკულირებს როგორც ვიცით H1N1 H1N2 ვირუსი, თუმცა ლაბორატორიულად ჩვენთან დადასტურდა მეთქი ღორის გრიპი ვერ ვიტყვი, ან საავადმყოფოა გადავსებული მეთქი, ასე არ არის, მაგრამ გახანგრძლივებული ტემპერატურა თავისი გართულებებით, ასეთი დღეში 4-5 შემთხვევა არის, რასაც ამბულატორიული მკურნალობით ვუმკლავდებით”, – აღნიშნავს ნინიაშვილი.
ვირუსის გართულებებისგან თავის დასაცავად ნინიაშვილი მედიკამენტურ მკურნალობას და ბევრი სითხეების მიღებას გვირჩევს.
“2-3 დღის განმავლობაში მაინც ჯობია ტემპერატურას სახლის პირობებში შეებრძოლონ, სიცხის დამწევით და სითხეების ჭარბი რაოდენობით მიღებით. ჩემი პირადი აზრი და რეკომენდაციაა გრიპის ვაქცინაცია, ეს იცავს ბავშვებსაც და ზრდასრულებსაც გრიპის გართულებებისგან”.
თავდაცვის მიზნით, ექიმი მოსახლეობას ურჩევს საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ბავშვების წაყვანას მოერიდნონ.
“თავის დაცვის მიზნით ყველას ვურჩევ, როდესაც არის სეზონური გრიპის განსაკუთრებულად გაძლიერებული რაოდენობით დაინვაზირება, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ბავშვები ნაკლებად წაიყვანონ. ჯობია რომ მოარიდონ ასეთ სიტუაციას. ნიღბის ტარება და პირადი ჰიგიენა უსაფრთხოების დაცვისთვის აიცილებელია”.
იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ექიმი პაციენტებს ვიტამინოთერაპიას ურჩევს.