ავტორი: ანა ჯიოშვილი
მთელი დღე საწოლზე ზის და ხმას იშვიათად იღებს. 15 წელია, დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს. თუ სახლში არავინაა, ეშინია.
80 წლის თინა ნიკოლიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბროწლეთში ცხოვრობს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ცხოვრების ძირითად ნაწილს საწოლში ატარებს.
“ნახევარი ქალი დავრჩი. წვნიანი რომ დამოუკიდებლად ვჭამო, ისიც არ შემიძლია, თუ არ დამეხმარნენ. ეს იცით რამხელა დარდი და ტკივილია იმ ადამიანისთვის, ვინც მთელი ცხოვრება შრომასაა შეჩვეული. წამალსაც კი არ ვსვამდი, ისე ვიყავი. ახლა კი, მხოლოდ მედიკამენტები მაცოცხლებენ”, – მითხრა და კედელზე დაკიდულ საათს გახედა, წამლის მიღება არ დაავიწყდესო.
| “ადამიანისთვის, ვისაც გადაადგილება არ შეუძლია, დრო ნელა გადის. ჩემთვის დაღამებას და გათენებას უკვე ერთი ფასი აქვს”
7 აგვისტოს გამთენიისას თინას სახლის ეზოში ოკუპანტების მიერ ნასროლი ჭურვი ჩამოვარდა. თინა მეუღლესთან ერთად გარეთ იმყოფებოდა, ჭურვის ნამსხვრევები ორივეს მოხვდა და მას მერე მათი ჯანმრთელობაც უკან-უკან წავიდა.
“თენდებოდა, ასე დილის 6 საათი იქნებოდა, რაღაც საშინელმა ხმამ არე-მარე გააყრუა. ვიკივლეთ, სახლში შედით, თავს უშველეთ მეთქი. ამ დროს დავინახე გასისხლიანებული ჩემი მეუღლე და მას მივვარდი, თავიდან მეგონა მისი სისხლი მომეცხო, რა ვიცოდი, რომ წელის არეში და მუხლებში მეც მომხვედროდა. მაშინ დავკარგე მუხლებში ძალა და მას აქეთ ასე ვარ” – მიყვება ომგამოვლილი ქალი და ჩემთან ცრემლების დამალვას ცდილობს.
თინას და მის მეუღლეს მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება. ფიზიკური ტკივილის შესამსუბუქებლად, მოხუცებს მუდმივი მკურნალობა სჭირდებათ. მათი ერთადერთი შემოსავალი კი პენსიაა, რომელსაც ხშირად სხვა საჭიროებებზე ვეღარ ანაწილებენ.
“არავინ არასდროს დამხმარებია, არც საკვებით, არც წამლებით. წვალებით გაგვაქვს თავი. ერთი კითხვა მაქვს სახელმწიფოსთან, ნუთუ ჩემნაირი ადამიანი ბევრი ჰყავს ამ ქვეყანას? ის, ვინც ომმა იმსხვერპლა, არ მოკლა, მაგრამ მთელი ცხოვრება ხეიბრად დატოვა. მოვიდნენ ნახონ, რა მაქვს, რითი ვცხოვრობ, თუ ჩემს დღეში ამ სოფელში ბევრს ნახავენ, მაშინ გავჩუმდები და ჩემსასაც მათ მივცემ”.
თინა მიყვება, რომ ფულადი სოციალური დახმარების მისაღებად განაცხადი რამდენჯერმე შეავსო, თუმცა შემოწმების მერე, პასუხი უარყოფითი მოსდის.
“ძალიან მიკვირს, რა მიპოვეს, რომ დიდი ქულები მომივიდა, ნახეთ, გადაიღე,თ რას ხედავთ, რა უნდა ჩაეწერათ. რის საფუძველზე არ დაკმაყოფილდა ჩემი განაცხადი, ნამდვილად არ ვიცი. ჩემს გაუბედურებულ ცხოვრებას ნუთუ ეს უნდოდა?” – მითხრა და ის დოკუმენტებს მიჩვენა, რომლებიც დახმარებაზე უარის ნიშნად სოციალური სამსახურიდან მიიღო.
80 წლის ქალს მხოლოდ ერთი სურვილი აქვს – დარჩენილი სიცოცხლე მშვიდად, საკვებსა და წამლებზე დარდის გარეშე გაატაროს.
“მთელი ცხოვრება მე და ჩემი მეუღლ ერთმანეთს ვმსახურებოდით, ბევრი არასდროს გვქონდა, მაგრამ სხვის ხელებში შემყურე მაინც არ ვიყავით, ახლა კი … მინდა საფიქრალი არ მქონდეს წამალზე, საკვებზე, გადასახადებზე. მე რომ ვნერვიულობ, ჩემი მეუღლე უფრო იტანჯება. ვცდილობ ძალა და იმედი ვიყო მისი, ამიტომ თავს უფლებას არ ვაძლევ ამ გაჭირვებას და ჩვენს მძიმე ყოფას დავნებდე”.
მასალა მომზადებულია პროექტის “ქალები და ოკუპაცია” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” შვედური ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” დაფინანსებით ახორციელებს. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციებს.