“ქალები და ოკუპაცია” – ასე ერქვა პროექტს, რომელმაც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალების მძიმე ყოველდღიურობა, ყოფითი პრობლემები და ამ სირთულეების ფონზე, მათი ბრძოლისუნარიანობა, შეუპოვრობა და შრომისმოყვარეობა წარმოაჩინა.
“პროექტის ფარგლებში, 40-ზე მეტი მასალა მომზადდა, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალების ცხოვრებას აღწერენ და რაც მთავარია, ამ ისტორიების შეგროვებაში და მომზადებაში ჩართულები იყვნენ ადგილობრივი მოსწავლე გოგონები, რომლებმაც “მოზაიკას” მიერ შემუშავებული სასწავლო კურსი გაიარეს“, – აღნიშნავს პროექტის კოორდინატორი ლიზა ყაზიშვილი.
“როგორ მოვყვეთ ამბავი?” – ასე ერქვა ტრენინგების ციკლს, რომელსაც “მოზაიკა” სკოლებში ატარებდა და რომლის შემდეგაც, ახალგაზრდა გოგონები მათ გარშემო მცხოვრებ ქალებზე ისტორიებს ამზადებდნენ. ჯამში, ტრენინგ-კურსი ათი სკოლის 140-მდე მოსწავლემ გაიარა.
“ამგვარი თანამშრომლობით, ჩვენ აღმოვაჩინეთ ფერმერები, ექთნები, მასწავლებლები, რომელთა ისტორიები ნამდვილად სამაგალითო და შთამაგონებელია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაუკარგავს მომავლის რწმენა. პროექტი დაგვეხმარა უფრო ახლოს და უფრო ნათლად დაგვენახა ის პრობლემები, რომელთა წინაშეც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალები დგანან“, – აღნიშნა “მოზაიკას” ხელმძღვანელმა, გვანცა დოლუაშვილმა.
პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალებში კარგად ჩანს ის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური თუ ინფრასტრუქუტურული პრობლემები, რომლებიც იქ მცხოვრები ქალების ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს. მასალებში ჩანს იქ მცხოვრები ქალების შეუპოვრობა, შემართება და მშობლიური მიწის ერთგულებაც.
“ჩვენ თუ წავალთ, ის რუსი იქ კი აღარ გაჩერდება, მოვა და აი, აგერ, სოფლის შუაგულში დადგებაო”, – გვითხრა ჩვენმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა და ამ სიტყვებშიც კარგად ჩანს, რომ ამ ქალებმა იციან, რომ ბრძოლის წინა ხაზზე არიან და ბრძოლის ველიდან არ გარბიან. ისინი რჩებიან სოფლებში, სადაც ზოგ შემთხვევაში არ არის წყალი, ზოგან არ არის გზა, ზოგან არ არის ბაღი, სკოლა, აფთიაქი, ამბულატორია, არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. არ არის იმედი და პერსპექტივა, მაგრამ რჩებიან და მის გაჩენას ელოდებიან“, – ამბობს ანა ჯიოშვილი, რომელიც პროექტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალების პრობლემებზე მასალებს აგროვებდა.
მთლიანობაში, პროექტმა “ქალები და ოკუპაცია” საოკუპაციო ხაზთან მდებარე ათი სოფელი მოიცვა. იქ არსებული ვითარების განსახილველად კი, პროექტის დასკვნით ეტაპზე, ფორუმი მოეწყო, რომელშიც პროექტის მონაწილეები, მასწავლებლები, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტებიც იღებდნენ მონაწილეობას.
“ამ პროექტმა სრულიად განსხვავებულად დამანახა რეალობა. სხვა თვალით შევხედე საოკუპაციო ხაზთან არსებულ პრობლემებს, რომლებსაც თითქოს მანამდე შეგუებული ვიყავი. განსხვავებულად დავინახე ჩემი თანასოფლელების ისტორიები და ისეთი თვისებებიც აღმოვაჩინე, რასაც აქამდე არ ვაკვირდებოდი და რაც ალბათ ყველაზე მთავარია, სულ სხვანაირად დავინახე ჩემი როლი. ახლა მჯერა, რომ პრობლემებზე საუბრით შესაძლებელია ვითარების შეცვლა, თანამოაზრეების გაჩენა და მათთან ერთად მოქმედება“, – აღნიშნა ფორუმზე მართა ჩიტიშვილმა, ქვეშის საჯარო სკოლის მოსწავლემ.
ფორუმი იმ მოსწავლეების დაჯილდოებით დასრულდა, რომლებმაც პროექტის ფარგლებში მასალები მოამზადეს. ყველა მასალა “მოზაიკას” ვებ.გვერდზეა ხელმისაწვდომი.
პროექტის განხორციელება “მოზაიკამ” შვედური ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” (CRD) ფინანსური მხარდაჭერით შეძლო. აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზაციის დახმარებით, “მოზაიკა” საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, უკვე მეორე წელია, აქტიურად მუშაობს და იქ მცხოვრებ გოგონებში სამოქალაქო ჟურნალისტიკის პოპულარიზაციით, ქალთა საჭიროებების წინ წამოწევას და მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობს.