ახალი ამბები

“მოსწავლეებს დავეხმარებით უნარების განვითარებაში” – გორში ახალი პროგრამა იწყება

გორელი ახალგაზრდებისთვის ახალი პროგრამა “სქილსშეარინგი” იწყება, რომლის მიზანი მოსწავლეების დახმარება და გაძლიერებაა. 

პროგრამა ორგანიზაცია “ინოვატორმა” შეიმუშავა. 

ამ პროგრამის მიზანია ახალგაზრდებს სხვა წარმატებულმა ან რაიმე საკითხში პროფესიონალურ დონეზე დახელოვნებულმა ადამიანებმა ასწავლონ და გაუზიარონ ცოდნა, რომელიც ცხოვრებაში და პრაქტიკაში გამოადგებათ, რითიც თუმდაც ფულის გამომუშავებას შეძლებენ“, – ამბობს “ინოვატორის” დამფუძნებელი შოთიკო მარანელი. 

მისივე თქმით, ახალგაზრდებს საკუთარი მიზნების განხორციელებაში ხშირად სწორედ საჭირო უნარების არქონა უშლით ხელს. 

“საჭირო უნარების განვითარება და ცოდნის მიღება, სამწუხაროდ, ძალიან ძვირი ჯდება. არადა, ჩემი დაკვირვებით, სწორედ ის ახალგაზრდები არიან მოწადინებულები, ვისაც შესაძლებლობა არ აქვთ. ამიტომ მოვიფიქრეთ, შეგვექმნა მსგავსი პროგრამა, სადაც ყველა ყველას ასწავლის ყველაფერს უფასოდ”.

ორგანიზაციამ სასწავლო პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება უკვე დაიწყო. პირველი შეხვედრა გორის პირველ საჯარო სკოლაში შედგა. 

“ამავე შეხვედრაზე, ახალგაზრდებს გავაცანით პროგრამა “Blender”, რომელიც გამოიყენება ანიმაციური ფილმების, ვიზუალური ეფექტების, 3D მოდელების, ინტერაქციული 3D აპლიკაციებისა და ვიდეო თამაშების შესაქმნელად. დაინტერესება ამ მიმართულებით დიდია და ალბათ, ამ კუთხით მუშაობა ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება.”

“ინოვატორი” შეხვედრების ჩატარებას საწყის ეტაპზე მხოლოდ ქალაქის მასშტაბით გეგმავს, თუმცა დაფინანსების მოძიების შემთხვევაში კი, პროგრამის არეალს გააფართოებს. 


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი