სტატიები

კიდევ ერთი ბიზნესმენი გორის საკრებულოში – გურამ კორინთელის შემოსავლები გორის ბიუჯეტიდან

გორის საკრებულოს ახალი წევრი ჰყავს, ბიზნესმენ გურამ კორინთელის სახით. კორინთელი “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პარტიული სიის მე-14 ნომერი იყო. შესაბამისად, გიორგი სოსიაშვილი საკრებულოში სწორედ მან ჩაანაცვლა. 

როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, პოლიტიკური საქმიანობის პარალელურად, გურამ კორინთელს რამდენიმე აქტიური ბიზნესიც აქვს. ის სამი კომპანიის შპს “შპს “გლობალ იმპორტი” და შპს “ბეღელი”  და “მეგა დეველოპმენტის” დირექტორია. მათგან ერთ-ერთი კომპანიას კი, ბოლო სამ წელში, გორის მერიასთან 12 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. 

შპს “მეგა დეველოპმენტი”

შპს “მეგა დეველოპმენტი” – ასე ჰქვია კომპანიას, რომელიც გურამ კორინთელმა 2020 წლის 13 ნოემბერს დააფუძნა და პირველი ტენდერი დაფუძნებიდან 5 დღეში მოიგო. დაფუძნებიდან ერთ კვირაში კი, გორის მერიამ მისი მომსახურება პირდაპირი შესყიდვის გზითაც შეიძინა. 

  • 2020 წლის 18 ნოემბერს გორის მერიამ შპს “მეგა დეველოპმენტს” პირველი ხელშეკრულება გაუფორმა. კონტრაქტის ჯამური ღირებულება 15 000 ლარი იყო. 
  • 2020 წლის 20 ნოემბერს გორის მერიამ კომპანიისგან პირდაპირი შესყიდვის ფორმით 15,663 ლარის ღირებულების მომსახურება იყიდა. 
  • 2020 წლის 25 ნოემბერს, გორის მერიამ კომპანიისგან ამავე ღირებულების მომსახურება მეორედაც შეიძინა. 

ჯამში, დაფუძნებიდან ორ კვირაში, გორის ბიუჯეტიდან “ქართული ოცნების” წევრის კომპანიამ 45 000 ლარზე მეტი მიიღო. 

ამის შემდეგ, აღნიშნულმა კომპანიამ მერიის კიდევ ორ ტენდერში გაიმარჯვა და 2021 წელს გორის ბიუჯეტიდან ჯამში 55 000 ლარი მიიღო. 

ტენდერების პარალელურად, გორის მერია კომპანიის მომსახურებას უტენდეროთაც ყიდულობდა. პირდაპირი შესყიდვის გზით, გორის მერიას კომპანიისგან 247 299 ლარის მომსახურება აქვს შეძენილი.

 

შემსყიდველიხელშეკრულების
დადების თარიღი
ხელშეკრულების
ღირებულება
გორის მუნიციპალიტეტის მერია31.07.2023  57,240.47
გორის მუნიციპალიტეტის მერია31.07.202352,512.14
გორის მუნიციპალიტეტის მერია08.11.202114,762.76
გორის მუნიციპალიტეტის მერია12.08.202113,911.78
გორის მუნიციპალიტეტის მერია12.08.202129,076.16
გორის მუნიციპალიტეტის მერია12.08.202131,568.35
გორის მუნიციპალიტეტის მერია31.12.202016,901.28
გორის მუნიციპალიტეტის მერია25.11.202015,663.19
გორის მუნიციპალიტეტის მერია20.11.202015,663.19

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი შემოსავალი შპს “მეგა დეველოპმენტმა” გორის მერიისგან მიმდინარე წელს მიიღო – 2023 წლის 23 ივნისს გორის მერიამ აღნიშნული კომპანიას ორი ხელშეკრულება გაუფორმა, ჯამში 100 000 ლარამდე ღირებულების მომსახურებაზე. 

შპს “ლომისი 2011”

შპს “ლომისი 2011” 2011 წლის 16 ივნისს რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 50%-ს გურამ კორინთელი ფლობს. 

აღსანიშნავია, რომ კომპანიას ბიუჯეტიდან მიღებული თანხები ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013 წლიდან უფიქსირდება – ჯამში, პირდაპირი შესყიდვის წესით, საბიუჯეტი დაწესებულებებმა კომპანიასთან ხელშეკრულება 34-ჯერ გააფორმეს, ჯამში 23 976 ლარის ღირებულების სამუშაოებზე. 


გურამ კორინთელი სადეპუტატო საქმიანობას უკვე შეუდგა, რისთვისაც ყოველთვიურად გორის ბიუჯეტიდან 750 ლარს მიიღებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.