12 ნოემბერს გორის თეატრის სკვერში საქველოქმედო აქცია “ჩააცვი ხეებს” გაიმართება. აქცია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის ორგანიზებით ტარდება.
წითელი ჯვრის პირველი დახმარების ტრენერი და საერთაშორისო პროექტებში ფილიალთა შორის კოორდინატორის, ალექსანდრე ოქროპირიძის ინფორმაციით, თბილი ტანსაცმლის მიტანა თეატრის სკვერში ყველა მსურველს შეუძლია.
“მოიტანეთ ქურთუკები, ქუდები, ხელთათმანები, კაშნეები, ზოგადად თბილი ტანსაცმელი და სიმბოლურად ჩააცვით ხეებს, დაკიდეთ ტოტებზე ან სულაც გადაკიდეთ სკვერში არსებულ სკამებზე. მათთვის, ვინც სათანადოდ ვერ მოემზადა ზამთრის მკაცრ სიცივეებთან გასამკლავებლად. ეს ჟესტი გამოცდილია და ნამდვილად მუშაობს, რადგან ზოგიერთს ერიდება ხელიდან ხელში გამორთმევა, ასე უფრო უადვილდებათ – თავად მივიდნენ და აიღონ ის, რაც სჭირდებათ. საღამოს სამოსი შეგროვდება და გადამისამართდება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის ოფისში, ბარნოვის #9ა-ში, სადაც, ადამიანებს შეეძლებათ მოსვლა და სასურველი ნივთის არჩევა”, -ამბობს ალექსანდრე ოქროპირიძე.
აქცია კვირას, 12 :00-დან 16:00 საათამდე გაგრძელდება.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული საქველმოქმედო აქცია უკვე რამდენიმე წელია ტარდება.