სტატიები

“ტრანსპორტირება მთავარი პრობლემაა” – გორის ახალგაზრდული საბჭოს მუშაობა ვითარების შესაცვლელად

“ჩვენ, ახალგაზრდები ვქმნით მომავალს”, – ამბობს გორის ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ზოლოტარიოვი. ის საბჭოს თითქმის ერთი წელია ხელმძღვანელობს და აბიტურიენტობის პარალელურად, ცდილობს, რომ გორში მცხოვრები ახალგაზრდები განავითაროს და გააძლიეროს.

“ახალგაზრდების გაძლიერება და განვითარებაა მთლიანად ამ საბჭოს ძირითადი მიზანიც. ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო საქმე. უკვე ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ, ვცდილობ, ვიყო მაქსიმალისტი და ენერგიული თავმჯდომარე”, – გვითხრა მამუკამ, რომელსაც საბჭოში სულ ახლახანს ახალი წევრებიც შეემატნენ.

გორის ახალგაზრდულ საბჭოს ამჟამად 15 წევრი ჰყავს. მათი ნაწილი გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც “ელჩების პროგრამაში” მონაწილეობენ და საკუთარ თემში არსებული პრობლემების ადვოკატირებას ცდილობენ.

ამ ახალ წევრებთან ერთად, საბჭო ამჟამად იმ სირთულეების დაძლევის გზებს ეძებს, როლებიც ახალგაზრდებს ტრანსპორტირების კუთხით ექმნებათ.

“ჩვენი დაკვირვებით, ყველაზე დიდი და უმნიშვნელოვანესი პრობლემა ტრანსპორტია, როგორც სოფლად, ისე ქალაქად”, – ამბობს მამუკა ზოლოტარიოვი.

საბჭოს წევრები ფიქრობენ, რომ ტრანსპორტირების კუთხით, სოფლად და ქალაქად მცხოვრებ ახალგაზრდებს სამი ძირითადი გამოწვევა აქვთ – მარშრუტები, ტრანსპორტის მუშაობის განრიგი და საფასური. Სწორედ ამ უკანასკნელის მოგვარებას ისახავდა მიზნად ახალგაზრდების ის ინიციატივა, რომელიც რეკომენდაციის სახით, საბოლოოდ გორის მერს წარედგინა.

“გვაქვს მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოზეც წარვადგინეთ, – მოსწავლეთა და სტუდენთა ბარათები, რომელიც შეღავათიან გადაადგილების საშუალებას მისცემს მათ”, – ამბობს თაკო თინიკაშვილი, რომელიც 6 თვის წინ გორის მერის მრჩეველთა საბჭოს წევრიც გახდა.

თაკო ცდილობს, ახალგაზრდული საბჭოს მიერ გამოვლენილი პრობლემების საპასუხოდ, რეკომენდაციები შეიმუშაოს და გორის მერის მრჩეველთა საბჭოს დახმარებით, ადგილობრივ ხელისუფლებას წარუდგინოს.

“ის, რომ ახალგაზრდებს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მარტივად და შეუფერხებლად შეეძლოთ გადაადგილება, ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ამ საკითზე მუშაობას მომავალშიც გავაგრძელებთ. იქამდე კი ვცდილობთ ისეთი იდეები შევიმუშაოთ, რომლებიც ახალგაზრდებს განვითარების შესაძლებლობას საკუთარ სოფლებშივე გაუჩენს”, – გვითხრა თაკომ.

სწორედ ამ მიზნით, საბჭო ახლა მობილური ცენტრის შექმნის იდეაზე მუშაობს – ეს იქნება საჭირო ინვენტარით აღჭურვილი ტრანსპორტი, რომელიც სოფლებში ივლის და ახალგაზრდებს დისკუსიებს, ვორკშოპებს, კინო-ჩვენებებს და ტრენინგებს შესთავაზებს.

“სოფლად მყოფ ახალგაზრდებს არ აქვთ საშუალება ჩაერთნონ სხვადასხვა აქტივობებში, განსაკუთრებით, საღამოს საათებში. ამისთვის საბჭომ დაისახა მიზანი, რომ შექმნას მოძრავი მობილური ცენტრი,  რომელიც ახალგაზრდებს არაფორმარული განათლების მიღების საშუალებას მისცემს”.

საკუთარი იდეების განხორციელებისთვის, ახალგაზრდები მუდმივად ეძებენ მხარდამჭერებს. ასევე მუდმივად ეძებენ აქტიურ ახალგაზრდებს, რომლებსაც გარემოს გაუმჯობესებისთვის მუშაობის სურვილი და მზაობა აქვთ.

“ვცდილობთ, რომ ჩვენი ცოდნა სხვა ახალგაზრდებსაც გავუზიაროთ. რამდენიმე სოფელში უკვე შევქმენით სამაგიდო თამაშების კლუბი, კინოკლუბი, ჩავატარეთ ჩემპიონატი ფრენბურთში, გვქონდა კინოჩვენებები ადამიანის უფლებებზე, ცხოვრებისეული უნარების განვითარებასა და ნარჩენების მართვასა და სეპარირებაზე”, – გვითხრა თაკომ.

საბჭოს საქმიანობაში ჩართვა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა იმ ახალგაზრდას შეუძლია, რომელიც 14-დან 29 წლამდე ასაკისაა. Მათ ასევე შეუძლიათ, რომ  საკუთარ თემში არსებული პრობლემების თუ იდეების შესახებ საბჭოს აცნობონ და მათთან ერთად, სხვადასხვა საინფორმაციო ან ადვოკატირების კამპანიები დაგეგმონ.

“ახალგაზრდული საბჭოს მთავარი მიზანია, რომ მოაგვაროს თემში არსებული პრობლემები და ახალგაზრდებთან თანამშრომლობით, სხვადასხვა პროექტები და ინიციატივები შეიმუშაოს. Ასე, რომ ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია საკუთარი იდეა გაგვიზიაროს და ჩვენთან ერთად, სხვადასხვა აქტივობები დაგეგმოს”, – აღნიშნავს საბჭოს თავმჯდომარე.

გორის ახალგაზრდული საბჭო 2022 წელს ჩამოყალიბდა. Მას შემდეგ, ახალგაზრდები თვეში ორჯერ იკრიბებიან, განხორციელებულ აქტივობებს აჯამებენ და სამომავლო გეგმებს ადგენენ. Როგორც “მოზაიკასთან” საუბარში ამბობენ, სჯერათ, რომ ნელ-ნელა მათი საქმიანობის შესახებ უფრო მეტი ახალგაზრდა გაიგებს და მოკავშირეების რაოდენობის ზრდით, მათი მუშაობა კიდევ უფრო ეფექტური და სასარგებლო გახდება.


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.