ტელეკომპანია „იმედი“ „სეზონი ტვ“- ის კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში უჩივის. საქმე ეხება რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი „სეზონი ტვ“-ის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო მასალის უკანონოდ და დამახინჯებით გამოყენებას.
მომჩივანი ტელეკომპანიის მტკიცებით, რუსეთის პროპაგანდისტმა „სეზონი ტვ“-მ „ტელეიმედის“ მასალას შეუცვალა აღწერა და დააწერა „ამერიკის მარწუხებისგან გათავისუფლების პროცესი დაიწყო“, შემდეგ კი თავის ეთერში გაუშვა. ამასთან დაკავშირებით შპს „ტელეიმედმა“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა.
“გაცნობებთ, რომ ე.წ. „სეზონი ტვ“ – ის საეთერო ბადეში განთავსდა შპს „ტელეიმედის“ მიერ დამზადებული მასალა საავტორო კანონმდებლობის სრული იგნორირებით, ავტორის თანხმობის გარეშე. მეტიც, სამართალდამრღვევმა, გარდა იმისა, რომ მოახდინა მასალის რედაქტირება (როგორც ვიზუალური, ისე შინაარსობრივი კუთხით), რაც წარმოადგენს დამატებით კანონდარღვევას, მან ასევე საქართველოს კონსტიტუციისა და მისი სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ დაამახინჯა საინფორმაციო მასალის შინაარსი და მის მაყურებელს შეუქმნა შეცდომაში შემყვანი განცდა, თითქოს ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი შინაარსის გამავრცელებელი ორიგინალი მასალის ავტორია”, – ნათქვამა “იმედის” განცხადებაში.
ტელეკომპანია მარეგულირებელ კომისიას დროულ და მკაცრ რეაგირებას სთხოვს. ასევე ითხოვს, რომ მარეგულირებელმა კომისიამ მოახდინოს “სეზონი TV” -ის ეთერის მონიტორინგი და დასაჯოს ტელეკომპანია “იმედის” მასალის უკანონო გამოყენების სხვა ეპიზოდებისთვისაც. ~
რაც შეეხება TV სეზონის პოზიციას, პრორუსული ტელევიზია აპირებს, რომ “იმედს” ღირსების შელახვისთვის უჩივლოს.
“”იმედის” წინააღმდეგ ტელეკომპანია ,,სეზონი” შეიტანს სარჩელს პატივისა და ღირსების შელახვის გამო”, – წერს აღნიშნული ტელევიზიის დირექტორი, ნიკოლოზ მჟავანაძე.