გორის უნივერსიტეტის პროფესორი და ყოფილი რექტორი, კლარა ელჩიბეგაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ასევე იყო ხაშურის საპატიო მოქალაქე.
კლარა ელჩიბეგაშვილი დაიბადა 1947 წლის 3 ივნისს, ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურში, პედაგოგების ოჯახში. 1965 წელს წარჩინებით დაამთავრა ხაშურის III სკოლა და ამავე წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1970 წელს და მიენიჭა ფილოსოფოსის, ფილოსოფიისა და საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებლის კვალიფიკაცია.
1978 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ნიკო ნიკოლაძის ფილოსოფიურ-ესთეტიკური შეხედულებანი“. 1992 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო წოდება ფილოსოფიის დარგში.
1970 წლიდან მუშაობდა გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრაზე, სადაც ეკავა უფროსი მასწავლებლის, დოცენტის თანამდებობები, შემდეგ იყო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგე, პრორექტორი 15 წლის განმავლობაში.
2004 წლიდან კი ეკავა რექტორის თანამდებობა. წლების მანძილზე იყო უნივერსიტეტის პროფესორი.
კლარა ელჩიბეგაშვილი მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. 1999 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედლით და არაერთი საპატიო სიგელით. 2016 წელს მიენიჭა საპატიო ხაშურელის წოდება.