ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა 5 თვის ანგარიში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობაზე. ანგარიში 2023 წლის აპრილი-სექტემბრის პერიოდს მოიცავს.
ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ კონფლიქტისპირა სოფლებში, სადაც შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და მოისმინეს საოკუპაციო, გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების პრობლემები.
18 სოფელში ვიზიტის შედეგები ცეტრმა 14 გვერდიან ანგარიშში ასახა.
დაგეგმილი ვიზიტების განმავლობაში, ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ გორის, ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტებში, კერძოდ: ქვეში, ფლავი, ფლავისმანი, კარბი, ქერე, ქვემო არცევი, ერგნეთი, ყარაფილა, სირიბარი, ზარდიანთკარი, ატოცი, ავლევი, კნოლევი, კოდა, აბანო, ჭვრინისი, გულიკაანთუბანი, ბრეძა.
“ოკუპაციით გამოწვეულ უსაფრთხოების პრობლემებთან ერთად, ადგილობრივები საუბრისას მიუთითებდნენ სოციალურ-ეკონომიკურ სირთულეებზე. მხედველობაშია მისაღები, რომ სიდუხჭირის გამო ახალგაზრდები ტოვებენ სოფლებს და მიდიან ემიგრაციაში. სოფლებში დარჩენილ ახალგაზრდებთან გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა, რომ არაერთი ახალგაზრდა სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, ახლო მომავალში გეგმავს ემიგრაციაში წასვლას”, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნულ სოფლებში მოსახლეობისთვის ძირითადი შემოსავლის წყარო მიწათმოქმედება და მეცხოველეობაა, თუმცა ოკუპაცია მათ უზღუდავს საძოვრებსა და სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომას.
“სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მცირე ნაწილს, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა დარჩენილი, მოსახლეობის ნაწილი სრულყოფილად ვერ იყენებს, რადგან მომეტებული საფრთხის მატარებელია გამყოფ ხაზთან მიწის დამუშავება. ასევე, რიგ შემთხვევებში, მიწების დამუშავებას ხელს უშლის გაუმართავი სარწყავი წყლის სისტემა. ვიზიტების ფარგლებში გამოიკვეთა ინფრასტრუქტურული პრობლემებიც, რომლის მოგვარება გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის კრიტიულად მნიშვნელოვანია”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
ცენტრის წარმომადგენლებმა ვიზიტის ფარგლებში აღმოაჩინეს, რომ მოუწესრიგებელია შიდა საუბნო გზები, რაც მოსახლეობას წვიმიან ამინდში გადაადგილებაში უშლის ხელს. რიგ სოფლებში არ არის განათების სისტემა. ერთ-ერთ პრობლემად დასახელდა სოფლებისთვის მაღალმთიანი სტატუსის მინიჭების საკითხი. მოსახლეობისთვის თქმით, მათთვის უცნობია, რა კრიტერიუმებით ხდება სტატუსის განსაზღვრა და რატომ არ სარგებლობენ ადგილობრივები მაღალმთიანი რეგიონებისთვის კანონით განსაზღვრული შეღავათებით. სოფლის რომელი წერლტილებიდან ხდება სიმაღლის აზომვა და დადგენა, მოსახლეობისთვის უცნობია.