ახალი ამბები

პირს, რომელიც ბებნისთან პოლიციელებს დაეჯახა 11 წლით პატიმრობა მიესაჯა 

ავტოავარიის შედეგად ორი პოლიციელის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებულს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა. საქართველოს პროკურატურის ცნობით, ხაშურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პატრულ-ინსპექტორის გარდაცვალების ფაქტზე, ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

“სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 17 მაისს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა გზის განაპირას გაჩერებულ საპატრულო პოლიციის ავტომანქანას, რის შედეგადაც ავტომანქანაში მყოფი ორი პატრულ-ინსპექტორი ადგილზე გარდაიცვალა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ) წარედგინა.

დატოვეთ კომენტარი