კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში შიდა საუბნო გზაზე მაღალი გამავლობის ავტომანქანების ხშირი მოძრაობაა. მოსახლეობის თქმით, არსებული ვითარება მათ საფრთხეს უქმნის. ისინი ამბობენ, რომ საპროტესტო აქციას გამართავენ.
“ძალიან ვართ შეწუხებული დიდი მანქანების ამ, ვიწრო ქუჩებში მოძრაობით. დრო მაინც შეარჩიეთ. სკოლაში ბავშვები როცა მიდიან, ერთი საათი გაჩერდით სადმე, ხომ შეიძლება. ასეთი ამბავი არასდროს ყოფილა. საბავშვო ბაღის მიმდებარე ქუჩასთან, როგორი ვიწრო ქუჩაა და აი, აქ ხდება ამ მანქანების გაჭედვა. გვეშინია ბავშვების სკოლაში გაშვების. ნემსი ვერ ჩავა ხან, ისეთი საცობია”, – ამბობს მაია ხიზანიშვილი.
“სკოლაში ვერ გაგვიშვია ბავშვები, არა და იქამდე ორი ნაბიჯია, ისეთი მოძრაობა გვეშინია, სხვა გზა ხომ უნდა იყოს სოფელში, რომ არ იმოძრაონ ამ მანქანებმა”, – ამბობს ელენე არაყიშვილი.
“აუცილებელია გზის გადაკეტვა, მოვიყვანოთ ტელევიზიები და გააშუქონ, იქნებ შემდეგ მოგვაქციონ ყურადღება”, – ამბობს ელისო ჯანჯალაშვილი.