სტატიები

“როდის გახსნით?” – მეჯვრისხევისა და მეღვრეკისის საბავშვო ბაღების ბედი კვლავ უცნობია 

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეღვრეკისსა და მეჯვრისხევში აშენებული საბავშვო ბაღების შენობები რამდენიმე წელია დაკეტილია და არ ფუნქციონირებს. მიუხედავად, არაერთგზის დაპირებისა, რომ აღნიშნული შენობები “უახლოეს მომავალში” გაიხსნებოდა, ორივე ბაღი ამ დრომდე დაკეტილია. 

“ჯერ არავის უვლია და სანამ, მესამედ სარემონტო არ გახდება, იქამდე არ გაიხსნება?”, – ამბობს მეღვრეკისში საბავშვო ბაღზე ნათია ღვინიაშვილი. 

მეღვრეკისში მცხოვრები აღსაზრდელების მსგავს ვითარებაში არიან მეჯვრისხევის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებიც. აქ საბავშვო ბაღის ახალი შენობა 3 წელია აშენდა, თუმცა გახსნის თარიღი ისევ უცნობია. 

“მეჯვრისხევის ბაღი რამდენიმე წლის წინ აშენდა. შარშან, სექტემბერში უნდა გახსნილიყო და წელსაც ისევ დაკეტილია, როდის გვეშველება ნეტავ?”, – წერს ერთ-ერთი ადგილობრივი, მარი სარაული. 

ორივე საბავშვო ბაღთან დაკავშირებით “მოზაიკამ” წარსულში არაერთი მასალა მოამზადა, თუმცა ყველა შემთხვევაში შენობების ზუსტი გახსნის თარიღი არც სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დაუსახელებია და არც სამუშაოების შემსრულებელ კომპანიებს განუმარტავთ, რატომ ჭიანურდება ამ დრომდე აღნიშნული შენობების გახსნა. 

“უახლოეს პერიოდში გაიხსნება მეჯვრისხევისა და მეღვრეკისის საბავშვო ბაღები. გარკვეული პროცედურებია კიდევ გასავლელი და რამდენიმე კვირაში ალბათ, გაიხსნება”, – გვითხრეს სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში ორი კვირის წინ. 

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბერს განახლდა. ახალ შენობაში განაგრძო ფუნქციონირება  სამმა საბავშვო ბაღმა, ერთ-ერთი ხელთუბნის საბავშვო ბაღია, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად 19 სექტემბერს გახსნა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.