სტატიები

რა კეთდება დაცლის პირას მყოფ სოფელში 20000 ლარად 

მინი სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელში, რომელიც დაცლის პირასაა. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კრისხევში ბოლო მონაცემებით 64 ადამიანი ცხოვრობს.

კრისხევში მინი სტადიონის რეაბილიტაციას 20 000 ლარი მოხმარდება. სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, რომელსაც ინდ.მეწარმე აკაკი ჯუხარიძე შეასრულებს. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ მასთან გამარტივებული წესით ხელშეკრულება უკვე გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 35 დღეში უნდა დასრულდეს. 

როგორ გადაწყდა მინი სტადიონის რეაბილიტაცია ?

კრისხევი ხცისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფელია, სოფელში ბოლო მონაცემებით, 64 ადამიანი ცხოვრობს. მინი სტადიონის რეაბილიტაციას სოფლის კრებაზე მისულმა 20 ადგილობრივიდან მხარი, 13 -მა  ადამიანმა დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას 25 -დან 60 წლამდე 12 მოქალაქე იღებდა, ხოლო 8 მათგანის ასაკი 60 წლის ზემოთ იყო. 

კრების ოქმის მიხედვით, კრებაზე მისულ მოსახლეობას ასარჩევად, მხოლოდ ერთი პროექტი ჰქონდა: არსებული მინი სტადიონის რეაბილიტაცია. 

რა პრობლემებია სოფელში? 

ხცისის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ამბობს, რომ სოფელში მუდმივად მაცხვორებელი დაახლოებით 17 ოჯახია, თუმცა მოსახლეობის რაოდენობა ზაფხულის პერიოდში იმატებს. 

“დაცლის პირას არ არის, ბოლო სამ წელში 5 -მა ოჯახმა გადაწყვიტა ამ სოფელში ცხოვრება. ადრე უგზოობის გამო იკავებდნენ თავს, მაგრამ ახლა სოფლამდე მისასვლელად ბეტონის გზაა დაგებული. სასმელი წყალი შედარებით პრობლემურია, მაგრამ ეტაპობრივად ესეც მოგვარდება. ერთი პრობლემაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის. ალბათ, იმის გამო, რომ მუდმივად ვინც ცხოვრობს, ყველას საკუთარი ავტომობილი ჰყავს”, – გვითხრა ზურაბ დაბრუნდაშვილმა. 

“მოზაიკა” დაინტერესდა, ცხოვრობენ თუ არა სოფელში ახალგაზრდები, ვისთვისაც როგორც წესი, მინი სტადიონის რეაბილიტაცია პრიორიტეტული უნდა იყოს. მერის წარმომადგენლის თქმით, ამ დროისთვის სოფელში მუდმივად მცხოვრები 10 -მდე სკოლის მოსწავლეა, რომლებიც განათლებას მეზობელ სოფელში იღებენ,  სკოლაში წასასვლელად კი ტრანსპორტი ემსახურებათ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.