ხაშურის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს 2 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული. ამ თანხით მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტული პროექტები დაფინანსდა, რომლებიც წლის ბოლომდე ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს.
აღნიშნული საკითხზე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზეც ისაუბრეს. ენმ-ს წევრის, ეკატერინე პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული პროგრამა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საჭიროებებს უნდა ემსახურებოდეს, რეალურად კი, თანხები ხშირ შემთხვევაში, გაურკვეველ პროექტებში იხარჯება.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამებზე ხშირად საუბრობთ, როგორც მე ვიცი, ეს პროგრამა გულისხმობს ისეთი პროექტების გაკეთებას სოფლებში, რაც მათთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რამაც ხელი უნდა შეუწყოს სოფლად მოსახლეობის დაბრუნებას, მაგრამ მართლა ძალიან საინტერესოა , სოფლებში ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე 100 მეტრი ბეტონის გზა რომ დაისხა, ვის მოუტანა სარგებელი”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა მაგალითად მოიყვანა სოფელ უწლევში დაგებული გზა.
“სოფელ უწლევში რომ შედიხარ, 100 მეტრის მონაკვეთზე გზა არის დაგებული, შემდეგ კი, ისევ საშინელი გზა იწყება. იმ ბეტონის დასხმაში, რაც ფული დაიხარჯა, სოფლისთვის არაფერი შედეგი მოუტანია”, – აღნიშნა მან.
დეპუტატს საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა უპასუხა. ლელა მაჭარაშვილის თქმით, გამოყოფილი თანხა, მხოლოდ 100 მეტრი გზის დაგებისთვის იყო საკმარისი.
“თანხა, რაც იყო გამოყოფილი მხოლოდ, 100 მეტრს ეყო, მომავალ წელს კიდევ 100 მეტრს დავაგებთ”, – თქვა მაჭარაშვილმა.
“ქართული ოცნების” დეპუტატის მტკიცებით კი, აღნიშნული გზის მონაკვეთის დაგება, სწორედ მოსახლეობის მოთხოვნა იყო.
“ეგ 100 მეტრი ხალხის მოთხოვნის საფუძველზე გაკეთდა, იმ კონკრეტულ მონაკვეთზე კი იმიტომ დაისხა ბეტონი, რომ მანდ ყველაზე ცუდი მდგომარეობა იყო. ვინმეს ინტერესში ნამდვილად არ შედიოდა, არც რწმუნებული ჩარეულა და არც არავინ, ხალხმა აირჩია”, – განაცხადა ზაზა სხილაძემ.
ინფორმაციისთვის, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში უწლევში, წელს 20 464 ლარი იყო გამოყოფილი.