“მიზნად დავისახე მასის მოცეკვავისგან გავმხდარიყავი წამყვანი სოლისტი”, – ამბობს 27 წლის ნუკი ქიტიაშვილი, რომელიც ქართული ცეკვებით 15 წლის წინ დაინტერესდა.
ნუკი ხაშურის ერთ-ერთი ანსამბლის წამყვანი სოლისტია და დღეს უკვე საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას მომავალ თაობას უზიარებს.
“40 გრადუსი ტემპერატურითაც მიცეკვია, მუსიკის ხმა რომ არ მესმოდა და მხოლოდ სხეულს ჰქონდა გათავისებული, რა უნდა ეკეთებინა. დაახლოებით 12 წლიდან სცენაზე ვდგავარ. პირველად აჭარული შევასრულე. ახლაც ეკალი მაყრის, ის ემოციები და ხალხის ტაში რომ მახსენდება. მაშინ დავისახე მიზნად, რომ მასის მოცეკვავისგან გავმხდარიყავი წამყვანი სოლისტი. ამისთვის ბევრი ვიშრომე. 15 წლიდან უკვე ცეკვამ შემოსავალი გამიჩინა, ვამზადებდი საბავშვო ბაღის, შემდეგ სკოლის ბავშვებს, ცოტა მოგვიანებით, სამოყვარულო ჯგუფებს, ქორწილის და ბანკეტის წყვილებს”, – იხსენებს ნუკი.
ნუკის მთავარი მოტივაცია შვილია, რომელიც დედას ყოველთვის კულისებში ელოდება. როგორც ნუკი აღნიშნავს, მთავარი შემფასებელიც და კრიტიკოსი სწორედ ისაა.
“ორსულობის და შვილის გაჩენის შემდეგ მქონდა პროფესიული წყვეტა. ეს იყო პერიოდი, როცა ჩემს შვილს ვჭირდებოდი, თან უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ცეკვას ვეღარ ვახერხებდი. ეს პერიოდი ყველაზე მეტად გამიჭირდა, რადგან ცეკვის გარეშე ჩემი ყოველდღიური ცხოვრება რთული აღმოჩნდა. დაახლოებით წელიწადნახევარში შევძელი დაბრუნება და ფორმაში ჩადგომა. ახლა დანტე ყველაზე დიდი გულშემატკივარია, კულისებში მელოდება და საცეკვაო კოსტიუმების შეცვლაშიც მეხმარება. ერთი სული მაქვს, როდის დავდგებით დედა-შვილი წყვილში, ვფიქრობ, ეს დღეც მალე იქნება”, – ამბობს ნუკი.
ნუკი სასცენო სამოსს თავად კერავს. ყველა ის ფორმა, რომელიც მას სცენაზე აცვია, მისი ხელითაა შექმნილი.
“ვკერავ ქართულ ტრადიციულ სამოსს, ჩოხებს. ყველა კოსტიუმი, რომელიც მე მაცვია, ჩემი შექმნილია, ესკიზებს ჩვენი ანსამბლის ხელმძღვანელი პაატა თედიაშვილი კეთებს, შეკერვით მე ვკერავ. ერთ-ერთი სტუდიისთვის მაქვს შექმნილი საორსულე ჩოხები. ვკერავ ანსამბლისთვის. ეს საქმე ბებიისგან და დედისგან ვისწავლე, შრომატევადი და საინტერესო საქმეა, რომელიც მიყვარს. ჩემს შეკერილ სამოსს რომ ვხედავ, ეს ორმაგად მაბედნიერებს”, – ამბობს ის
ნუკი პროფეისიით პედაგოგია, მეორე პროფესიად კი მასობრივი კომომუნიკაციისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტი აირჩია, ახლა სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობს, რომელიც მედიასივრცეში ქართული ცეკვის პოპულარიზაციას ეხება.