სურამში 15 წლის რეზო აბჟანდაძეს საკუთარი სახლის ეზოში კონტაქტური ზოოპარკი აქვს მოწყობილი და დამთვალიერებლებს მასპინძლობს.
რეზოს ზოოპარკის გაკეთების იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მამამ სახლში დეკორატიული ფრინველები მიუყვანა და ამ ფრინველებმა მეზობლების ყურადღება დაიმსახურა.
“პირველად ფრანგული აბრეშუმები მოვიყვანეთ, ორი კვირისები იყვნენ. დამაინტერესდა და დავიწყე ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება. იმდენად საინტერესო გახდა ეს ფრინველი ყველასთვის, მამას ვთხოვე კიდევ მოგვეშენებინა სხვა ჯიშებიც და ზოოპარკი გაგვეკეთებინა. სურამში ასეთი სივრცე არსადაა და ვიფიქრე, რომ ხალხის ინტერესს გამოიწვევდა. ასეც მოხდა. მოდიან დამსვენებლები, ათვალიერებენ აქ მყოფ ბინადრებს და კარგ დროს ატარებენ”, – ამბობს რეზო.
სხვადასხვა ჯიშის კურდღელი, მწყერი, ხოხობი, კუ და სხვა უამრავ ცხოველს და ფრინველს ნახავთ რეზოს ზოოპარკში, რომლის აშენებაშიც მამა დაეხმარა.
“იდეა კი გვქონდა, მაგრამ ფული არ იყო. ამიტომ მამამ ბანკიდან სესხი გამოიტანა და დავიწყეთ ვოლიერების აშენება. ბაჭიებს, კუებს, ვირს, თხას, მწყერს, ბევრნაირ შინაურ ფრინველს თუ ცხოველს ნახავთ ზოოპარკში. რომ იციან ჩემი ინტერესის შესახებ, ხშირად მჩუქნიან კიდევაც. მაგალითად, კუ, ბაჭიები და მწყერები მაჩუქეს. სურლიად უცნობმა ვირი და თხა მომიყვანა. ისე არიან შეჩვეულები ადამიანებზე, უკვე აღარც ეშინიათ დამთვალიერებლების, პირიქით გამოდიან და საკვებს ელოდებიან”, – გვიყვება რეზო.
ზოოპარკში 50-ზე მეტი ცხოველი და ფრინველია. მათი შეგროვება რეზოს და მის ოჯახს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოუწიათ.
“ინტერნეტში ვნახულობდი და ასე ვაგროვებდი. საქართველოს ყველა კუთხიდან მყავს ჩამოყვანილი. ფრანგული აბრეშუმი, ესპანური პადვანები, კოხინხინები, თურქული სულთანი, იაპონკები, ოქროს ხოხობი და კოლხური ხოხობი. ჩემი ცხოველები და ფრინველები მცნობენ, როცა სახლში არ ვარ და მოვდივარ, უხარიათ ჩემი დანახვა”, – აღნიშნავს რეზო.
რეზოს სურვილია, სამომავლოდ მის ზოოპარკში ექსკურსიები მიიღოს და დამთვალიერებელს ზოოპარკის თითოეულ ბინადარზე ინფორმაცია გააცნოს. ზოოპარკში შესვლა 3 ლარი ღირს. ამბობს, რომ ეს სიმბოლური ფასია და თანხა ცხოველების და ფრინველების გამოსაკვებად სჭირდება.
“სამომავლოდ, მინდა ეზოში სივრცე მოვაწყო, სადაც სკოლების და ექსკურსიების მიღებას შევძლებ. აქ შეეძლებათ ჩაატარონ ღია გაკვეთილი, იკონტაქტონ ზოოპარკის ბინადრებთან და თითოეულ მათგანზე მიიღონ ჩემგან ინფორმაცია”.