ბლოგები

“კარგ მასწავლებელს სამყაროს შეცვლა შეუძლია” – რას ნიშნავს ჩემთვის მასწავლებლობა?

ავტორი: ნინო ნიპარიშვილი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი

გული, გონება და დამოკიდებულება – ესაა მასწავლებლობა. მასწავლებლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგან ჩვენ, მასწავლებლებს გვიწევს ურთიერთობა ყველაზე სუფთა, ყველაზე ფაქიზ ადამიანებთან, რომელთა ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში ფუნდამენტურ როლს ვასრულებთ და პირდაპირ ვმონაწილეობთ ჩვენი ქვეყნის მომავლის შენების პროცესში. მასწავლებლობა მუდმივ ენერგიას, შრომისმოყვარეობას, კვალიფიციურობასა და პოზიტიურობას ნიშნავს. მასწავლებლობა არაა მხოლოდ საგნის სწავლება, ესაა თანამშრომლობითი, მეგობრული, აზროვნებაზე დამყარებული სწორად შერჩეული მეთოდებისა და უნარების ერთობლიობაა.

ყველა მასწავლებელი ბავშვობიდან მოდის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენც ოდესღაც ბავშვები ვიყავით და რომ ახალი მასალისა და თუ ინფორმაციის გასაზიარებლად აუცილებელია ბავშვისთვის გასაგებ ენაზე საუბარი.

თითოეულმა მასწავლებელმა პირადი პრობლემები სკოლის კართან უნდა დატოვოს, გაიღოს ბევრი სითბო და სიყვარული ბავშვებისთვის, რათა სასკოლო თუ საკლასო სივრცე მოსწავლისთვის სადამსჯელო ადგილად არ გადაიქცეს.

მასწავლებელმა აუცილებლად უნდა შეძლოს თითოეული მოსწავლის აღიარება. სწორედ აღიარებას მივყავართ მოსწავლის მხრიდან მასწავლებლის ნდობამდე. მასწავლებელმა საკუთარი თავისუფლებით ბავშვებს უნდა მისცეს თავისუფალი გამოხატვის სურვილი, სწორედ ამ დროს იბადება ბავშვებში გენიალური აზრები, იდეები. თავისუფლად გადმოცემული იდეა კი პრაქტიკაში გადმოტანის წინაპირობაა, რათა საკუთარი სკოლა თუ თემი უკეთესი გახადონ.

მასწავლებლობა მუდმივ განვითარებასა და ცოდნის გაზიარებას ნიშნავს, რათა მოსწავლეებმა შეძლონ საკუთარი ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანა. სრულწლოვნების დადგომისას ისინი ცხოვრებისეულ, მოქალაქეობრივ გამოწვევებსა და პასუხისმგებლობებს ღირსეულად შეხვდებიან.

მასწავლებლობა ესაა გულწრფელობა. ბავშვებს კი ამ გულწრფელობის დანახვა ყველაზე კარგად შეუძლიათ. ყალბი, არასწორი ემოციებითა თუ დამოკიდებულებებით არასოდეს იქნება არც გაკვეთილი ეფექტური და არც ურთიერთობები. ბავშვები ყველაზე კარგად გრძნობენ გულწრფელ სიყვარულსა და  ყურადღებას. მასწავლებლობა პასუხისმგებლობაა საკუთარი ქვეყნის წინაშე. მუდმივად უნდა გედოს სამშობლოს მაჯისცემაზე ხელი, გრძნობდე მის პულსაციას და შესაბამისად, საჭიროებების გათვალისწინებით მოქმედებდე.

და ბოლოს ძალიან მაგარ გოგოს, მალალას სიტყვებს მოვიშველიებ, – ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნსა და ერთ კალამს სამყაროს შეცვლა შეუძლია!”  დიახ, კარგ მასწავლებელს სამყაროს შეცვლა ნამდვილად შეუძლია უკეთესობისკენ.

დატოვეთ კომენტარი