ბლოგები

როდის ახერხებს გორის მერი, რომ პრინციპული იყოს? 

ავტორი: გიორგი დვალიშვილი

„სანამ მე გორის მერი ვიქნები, თქვენ გურამიშვილის ქუჩაზე ვერ დაბრუნდებით”, – უთხრა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გარემოვაჭრეებს, რომლებიც ლუკმა-პურის საშოვნელად, გურამიშვილის ქუჩაზე იდგნენ და სხვადასხვა ნივთებს ყიდდნენ.

გორის მერის ამ პრინციპული გადაწყვეტილების აღსასრულებლად, 19 აგვისტოს შემდეგ, ამ ქუჩაზე ყოველდღიურად პატრულირებენ გორის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები. მათი მხრიდან ვლადიმერ ხინჩეგაშვილის პოზიციის დაცვას თან გარემოვაჭრეებთან შეხლა-შემოხვლა და კამათიც ახლდა. 

ამ ყველაფრის შემყურე ადამიანების ნაწილი კი უკვე ხმამაღლა ამბობს იმას, რომ გორის მერს პრინციპულობა სჯობდა სხვა, უფრო მნიშვნელოვან საკითხებში გამოეჩინა – მაგალითად მაშინ, როცა მისმა მოადგილე ნიკოლოზ ღვინიაშვილმა კანონი უხეშად დაარღვია და მერიის კუთვნილი ავტომობილით შვებულებაში წავიდა ქობულეთში. ხინჩეგაშვილმა კი მისთვის საყვედურის გამოცხადებაც ვერ გაბედა. მაგრამ რთულია უსაყვედურო შენ მოადგილეს იმის გამო, რასაც თავადაც აკეთებ და რისი ჩადენის უფლებასაც შენ მიერ დანიშნულ თანამდებობის პირებსაც აძლევ. 

იმის დასტურად, რომ გორის მერი თავადაც სისტემის და სისტემური დანაშაულის ნაწილია, ის საჯარიმო ქვითარიც საკმარისია, რომელიც “მოზაიკამ” მოიპოვა და საიდანაც ირკვევა, რომ გორის მერი არასამუშაო დღეს, არასამუშაო საათებში დედაქალაქის მიმართულებით გადაადგილდება. არადა, ისიც ყველას კარგად ახსოვს, თუ რის გამო აღმოჩნდა მედიამენეჯერი ციხეში, თუმცა გორის მერს ეს ეპატიება და მისი გარემოცვა აღნიშნული ფაქტის გასაჯაროებას ალბათ, კრიტიკული მედიის მორიგ პროვოკაციას უწოდებს.

პროვოკაციას არქმევენ იმაზე საუბარსაც, რომ სამსახურის მანქანებს გორის მერის მიერ  სამსახურების თუ (ა)იპებ-ის ხელმძღვანელებად დანიშნული პირებიც პირადი მიზნებისთვის იყენებენ – სამსახურის მანქანით უკონტროლოდ სარგებლობს გიორგი შათირიშვილი, გორის მერის მეგობარი და ბაღების სააგენტოს დირექტორი. როგორც ფაქტები აჩვენებს, იგივე პრივილეგია იმ ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელსაც აქვს, რომელიც  გურამიშვილის ქუჩას გარემოვაჭრეებისგან “იცავს”.

გარემოვაჭრეებთან ბრძოლაში ხინჩეგაშვილი უკან არ იხევს. როგორც ჩანს, ჭეშმარიტად აქვს გადაწყვეტილი, რომ პრინციპული მაინც და მაინც იმ ხალხის მიმართ უნდა იყოს, რომელიც ყინვასა თუ ქარში, აუტანელ სიცხეში თუ სიცივეში სწორედ გარევაჭრობით ირჩენდა თავს და არჩენდა ოჯახებს. 

კანონის მიმართ ცვალებადი დამოკიდებულების, ძალაუფლების საკუთარ თავზე მორგების თუ პრივილეგიების უსამართლოდ დანაწილების გამო კი, ერთ დროს საამაყო ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ხსენებისას, ახლა ბევრ ადამიანს ბრაზი მოსდის და სჯობდა ისევ სპორტს გაჰყოლოდა, ამის თქმა სინანულნარევი ნატვრასავით გამოსდის.

დატოვეთ კომენტარი