გორის მერია მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას არ აპირებს. როგორც “მოზაიკას” უწყებიდან წერილობით აცნობეს, სამშენებლო ნებართვების გაცემაზე რაიმე შეზღუდვის დაწესებას არ გეგმავენ.
მორატორიუმის საჭირობაზე აქტიურად საუბრობს სამოქალაქო სექტორი. ისინი ფიქრობენ, რომ ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე აუცილებელია ქალაქის დაცვა ქაოტური მშენებლობებისგან, რაც სწორედ სამშენებლო ნებართვებზე მორატორიუმის გამოცხადებით არის შესაძლებელი, თუმცა განსხვავებულად ფიქრობენ გორის მერიაში და მსგავსი შეზღუდვის საჭიროებას ვერ ხედავენ.
ამავე თემაზე: გენ.გეგმის დამტკიცებამდე, გორის მერიას კორპუსების მშენებლობების შეჩერებას სთხოვენ
“მიწათ სარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, სამშენებლო ნებართვების გაცემისას გორის მუნიციპალიტეტის მერია ხელმძღვანელობს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვებით და ქალაქ გორის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტით”, – მოგვწერეს გორის მერიიდან.
მერიის პასუხში საუბარია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე, რომელიც ამ დროისთვის კონცეფციის სახით არსებობს, მაგრამ დამტკიცებული არ არის. უწყებაში ამბობენ, რომ პროექტისთვის საბოლოო ფორმის მიცემაზე მუშაობენ, თუმცა მისი დამტკიცების ვადებზე საუბარი არ შეუძლიათ.
“ამ ეტაპზე, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მზადდება ტექნიკური დავალება, რის საფუძველზეც გამოცხადდება ტენდერი ზემოთდასახელებული რეკომენდაციებისა და შეფასების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის შექმნის მიზნით. აღნიშნული ეტაპის გავლის შემდეგ გორის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დასამტკიცებლად წარედგინება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. დღეის მდგომარეობით, საკრებულოსთვის გეგმის წარდგენის ვადის განსაზღვრა შეუძლებელია”, – ნათქვამია მერიის წერილში.
შეგახსენებთ, რომ გენ.გეგმაზე მუშაობა 2017 წლიდან დაიწყო და 2019 წელს დასრულდა. Მისი შედგენისთვის, გორის მერიამ კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ 383 500 ლარიც გადაუხადა, თუმცა უკვე წლებია, დოკუმენტი არ დამტკიცებულა და ამის მიზეზად, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების არქონა სახელდება.
ამავე თემაზე: ბეტონის ჯუნგლებად ქცევის საფრთხეა – როგორ გასცემენ მშენებლობის ნებართვებს გორში?