ახალი ამბები

შიდა ქართლში უკანონო ნადირობის 10 შემთხვევა გამოავლინეს 

ნადირობის სეზონის დაწყებიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, შიდა ქართლში უკანონო ნადირობის 10 ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. 

დეპარტამენტის განცხადებით, ამ პერიოდში ქვეყნის მასშტაბით უკანონო ნადირობის ჯამში 97 ფაქტია გამოვლენილი. 

“გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან, 45 ნადირობის წესების დარღვევის ფაქტია, 15 შემთხვევაში მონადირეებმა სანადირო იარაღების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ წარმოადგინეს, 3 შემთხვევაში სამართალდამრღვევები, აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობდნენ და ა.შ.”, – ვკითხულობთ განცხადებაში. 

დეპარტამენტის ცნობითვე, დაფიქსირდა უკანონო საშუალებით, ხელნაკეთი მოწყობილობით (ე.წ. მანოკი) ნადირობის ფაქტებიც. ნადირობის სეზონის დაწყებიდან 12 დღის განმავლობაში, სულ ამოღებულია 51 „მანოკი“.

“უკანონო ნადირობის ფაქტების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ნადირობის სეზონის განმავლობაში (მომდევნო წლის 1 მარტამდე), საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ. დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს”. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.