ირანული კარაქი, ქართული ყველი, აზერბაიჯანული რძე, უკრაინული შესქელებული რძე, – ეს იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო კომპანიისგან “ენ პროდუქტი” შეიძენს, რისთვისაც 346 000 ლარამდე გადაუხდის.
სააგენტომ გადაუდებელი აუცილებლობით აღნიშნულ კომპანიას 6193 ლარის ღირებულების ხელშეკრულება ივლისშიც გაუფორმა საზაფხულო საბავშვო ბაღის მოსამარაგებლად, რომელიც #3 საბავშვო ბაღში იყო გახსნილი.
შპს “ენ პროდუქტი” საქართველოში 2017 წლიდან არსებობს. ის გორის საბავშვო ბაღებს სხვადასხვა პროდუქტით ადრეც ამარაგებდა. დაარსებიდან დღემდე 97 ტენდერში აქვს მიღებული მონაწილეობა, საიდანაც გამარჯვებულად 36 ტენდერში გამოცხადდა.
როგორც შესყიდვების ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტაციიდან ირკვევა კომპანია საქართველოში წარმოებული რძის პროდუქტების გარდა, საბავშვო ბაღებს სხვა ქვეყნებში წარმოებულ პროდუქტსაც მიაწვდის.
- არაჟანი – წარმოებული საქართველოში (მწარმოებელი შპს “საამო”);
- კარაქი – წარმოებული ირანში (დამფასოებელი შპს “საამო”);
- მაწონი – წარმოებული საქართველოში ( მწარმოებელი შპს “საამო);
- ყველი – წარმოებული საქართველოში (მწარმოებელი შპს “საამო);
- პასტერიზებული რძე – წარმოებული აზერბაიჯანში (ბრენდი “სოფლის ნობათი რჩეული);
- შესქელებული რძე – წარმოებული უკრაინაში (“პერვომაისკის რძის საკონსერვო კომბინატი“);
- ხაჭო – წარმოებული საქართველოში (მწარმოებელი შპს “საამო”).
ამჟამად, კომპანიასთან ხელშეკრულების მომზადების პროცესი მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ აქამდე გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს შპს “ამალთეა გრუპი” ამარაგებდა, რომლის პრდუქტშიც ბაქტერიები აღმოჩნდა, რის გამოც სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა.