“30 წლიანი ემიგრაციის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში და ჩემი საქმე წამოვიწყე”, – ამბობს 65 წლის ნანა ერგემლიძე, რომელიც უკრაინიდან ხაშურში დაახლოებით ერთი წლის წინ დაბრუნდა და საკუთარი პიცერია გახსნა, სადაც ადამიანებიც დაასაქმა.
“1995 წელს ოჯახით უკრაინაში გადავსახლდი. რა თქმა უნდა, უცხო ქვეყანაში წასვლა ყველასთვის რთულია და დიდი შრომა გიწევს, ამიტომ დავიწყე ცომეულის ცხობა და გაყიდვა. გამოცდილება ამ ბიზნესში არ მქონდა, გაჭირვებამ მაჩვენა, რომ თავი უნდა გადაგვერჩინა, ამიტომ ოჯახური სამზარეულო გადავიტანე კვების ობიექტებში. ვაკეთებდი ნამცხვრებს, ხაჭაპურს, ლობიანს, ფუნთუშებს, კუბდარს. უცხო ქვეყანაში მოვახერხე იმდენი, რომ გავხსენი სწრაფი კვების ობიექტები და ასევე ქართული რესტორანი”, – იხსენებს ნანა.
ნანამ და მისმა ოჯახმა უკრაინა დაახლოებით ერთი წლის წინ დატოვეს. ამბობს, რომ დაბრუნებაზე ყოველთვის ფიქრობდა, თუმცა რუსეთ – უკრაინის ომმა გადაწყვეტილების სწრაფად მიღება აიძულა.
“ყოველთვის ვფიქრობდი სამშობლოში დაბრუნებას, თუმცა ამ ომმა ყველაფერი დააჩქარა. თუკი რამე გვქონდა ამ წლების ნაგროვები, ყველაფერი განადგურდა, ჩვენი ობიექტები დაიწვა. დაგვრჩა მხოლოდ ხაშურში მამაპაპისეული სახლი, სადაც კიდევ თავიდან მიწევს ყველაფრის დაწყება, რაც ერთ ცხოვრებაში ძალიან რთულია”, – ამბობს ნანა.
საქართველოში დაბრუნებულ ოჯახს ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწიათ. ამიტომ ნანამ გადაწყვიტა დაზოგილი ფულით ხაშურში კვების ობიექტი მოეწყო, სადაც საყვარელ საქმეს გააგრძელებდა.
”ყველაფერი თავიდან უნდა დაგვეწყო და ამისთვის გეგმა გვჭირდებოდა. გადავწყვიტე, აქაც იგივე საქმე წამომეწყო, რასაც უკრაინაში ვაკეთებდი,. გავხსენი პიცერია, რომელშიც ჩვენი დანაზოგი ჩავდეთ. შემდეგ მეგობრების რჩევით მოვიფიქრე გვერდით ტანსაცმლის მაღაზია გამეკეთებინა, სადაც მომხმარებელს შეუძლია ტანსაცმლის შეძენა, სადილი, ან უბრალოდ ყავაზე ჩამოჯდომა. ადამიანს, როდესაც შრომა გიყვარს, არ დაიკარგები და თავს გაიტან. ჩემი მიზანიც ესაა, აქ დავფუძნდე და გავაფართოვო ახლანდელი საქმიანობა”.
ნანა უკრაინაში ქართულ სათვისტომოს ხელმძღვანელობდა, რომლის ფარგლებშიც უკრაინა – საქართველოს მონაწილეობით არაერთი ღონისძიება აქვს გაკეთებული.