ხაშურში ბავშვებისთვის გასართობ-შემეცნებითი ვიქტორინის ჩატარება იგეგმებოდა. გათამაშების ორგანიზატორი სპორტული მაღაზია “Jassport” და იუთუბერი ომარ ჩიტიშვილი იყვნენ, თუმცა დაგეგმილი ღონისძიება ვერ ჩატარდა.
“საჩუქრები სტადიონის ცენტრში დავდეთ, რაც იქ მოხდა, იყო სამარცხვინო. მშობლებმა გადაგვიარეს ზედ, ეს საჩუქრები დაიტაცეს, მამაკაცი მივიდა და კოკა კოლა მოიპარა”, – ამბობს ჩიტიშვილი.
მისი თქმით, ბავშვებისთვის მაისურები, სპორტული ფეხსაცმელები და სხვა აქსესუარები ჰქონდათ ჩატანილი და მათ დარიგებას ვიქტორინაში გამარჯვებულებისთვის აპირებდნენ.
“როდესაც სტადიონზე მივედით დაგვხვდა ძალიან ბევრი ბავშვი, მშობლებთან ერთად. ასევე სტადიონის ადმინისტრაციის წარმომადგენლები თავიდანვე აგრესიულად განეწყვნენ ჩვენს მიმართ და გვითხრეს, ამდენი ბავშვი რომ მომაყვანინეთ სტადიონზე და 30 საჩუქარი მოიტანეთ, ეს ბავშვები ნაწყენები დარჩებიან, ყველას რომ არ შეხვდება საჩუქარიო”, – აღნიშნავს ჩიტიაშვილი.
მისი თქმით, მშობლების ნაწილმა ერთზე მეტი ნივთი აიღო.
“ქალბატონი გასახდელში შემოვიდა და სიმბოლურად საჩუქრის გადაცემას ითხოვდა. როდესაც მივუთითე,თ ერთი საჩუქრის აღებისკენ, მან “სიმბოლურად” ბურთი, კვარას მაისური და სხვადასხვა ნივთები აიღო. ეს ქალბატონი იყო ერთ-ერთი ბავშვის მშობელი”, – ამბობს ომარ ჩიტიშვილი.
საბოლოოდ, დაგეგმილი გათამაშება ხაშურში ჩაიშალა.