სტატიები

“ქუჩაში ცხოვრებას, ავარიულ შენობაში დარჩენა გვირჩევნია” – ვითარება ხაშურში

ხაშურში, შვიდი ოჯახი დევნილებისთვის აშენებულ ავარიულ კორპუსში რჩება. შენობაში შესახლების სურვილი აქვთ სხვა ოჯახებსაც, რომლებიც ამბობენ, რომ სხვა საცხოვრებელი არ აქვთ. 

“შენობაში დაცვა დააყენეს და ხალხს აღარ გვიშვებენ. ვინც შევიდა, ისინიც ჩხუბით შევიდნენ. რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, დანარჩენებს კი დაცვა არ გვიშვებს. გვეუბნევიან, მარტო მატრასები შეიტანეთ და ისე იყავითო, ავეჯის შეტანის საშუალებას არ გვაძლევენ”, – უთხრეს “მოზაიკას”. 

საუბარია, ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე აშენებულ კორპუსზე, რომელიც თავდაპირველად დევნილი მოსახლეობაზე იყო გათვლილი. 

“კორპუსი 7 სართულიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა 8 სართული ააშენეს, რის გამოც კორპუსი საცხოვრებლად უვარგისად აღიარეს და დევნილ მოსახლეობას აღარ გადასცეს. მიტოვებულ შენობაში კი, უსახლკარო მოსახლეობამ თვითნებურად დაიწყო შესახლება”. 

შენობაში შესახლებულმა ოჯახებმა ოთახებიც მოაწყეს. კარ-ფანჯრები ჩასვეს და საცხოვრებელი პირობები მოიწყეს. ახლა ისინი სახელმწიფოს სთხოვენ, რომ ფართები პირად საკუთრებაში გადასცენ. 

“გვინდა, რომ ეს ფართები საკუთრებაში გადმოგვეცეს, მაგრამ გვეუბნევიან, რომ სახელმწიფო აუქციონზე აპირებს მის გაყიდვას. მერე სად უნდა წავიდეთ, აღარ ვიცით”, – გვიყვება კიდევ ერთი მოქალაქე.

პრობლემის მოგვარებაზე ადგილობრივი ხელისუფლება პასუხისმგებლობას არ იღებს. როგორც მერიაში გვითხრეს, შენობა მათ ბალანსზეა არაა და შესაბამისად, არც იქ მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმა არ გააჩნიათ.

“ამ საკითხზე ჩვენ კომენტარს ვერ გავაკეთებთ.ჩვენი ინფორმაციით ეგ ხალხი მანდ თვითნებურად არის შეჭრილი მანდ ცხოვრების უფლება მათთვის არავის მიუცია”, – გვითხრა მერიის საზოგადოებასთან სამსახურის უფროსმა. 

თუმცა უწყებაში იციან, რომ შენობა ავარიულია და დემონტაჟს ექვემდებარება. 

“ეს ქონება ჩვენ არ გვეკუთვნის და არ ვიცი დეტალები. ვიცი მხოლოდ ის, რომ ექსპლუატაციისთვის ვარგისი არაა და დემონტაჟს ექვემდებარება”, – გვითხრა მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა, სერგო ლალიაშვილმა. 

ამ დროისთვის, ავარიულ კორპუსში ცხოვრების სურვილი 10-ზე მეტ ოჯახს აქვს. ისინი ამბობენ, რომ სხვა თავშესაფარი არ აქვთ და შესაბამისად, ქუჩაში ცხოვრებას, ავარიულ კორპუსში დარჩენა ურჩევნიათ. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი