რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები თამაზ ფსიტიძე და ზურაბ პეტრიაშვილი თავისუფალი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან, – ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
“აღნიშნული პირების უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“ და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს. აღნიშნულ პროცესში უშუალოდ იყო ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM)”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თამაზ ფსიტიძე და ზურაბ პეტრიაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალუბნის მიმდებარედ, იმ დროს დააკავეს, როცა პირუტყვს მწყემსავდნენ.