ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლოებას მოუწოდებს, რომ სასმელი წყალი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსარწყავად არ გამოიყენოს.
უწყებამ ამის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მერიამ არაერთი წერილი მიიღო წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
“ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია სრულად არის ინფორმირებული მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების პრობლემებთან დაკავშირებით და მჭიდრო კოორდინაციაშია წყალმომარაგების კომპანიასთან, თუმცა, დაგვეთანხმებით, პრობლემის კომპლექსურობის გამო, მისი ერთი ხელის მოსმით გადაჭრა შეუძლებელია”, – აცხადებენ ხაშურის მერიაში.
უწყების განცხადებით, ხაშურში ინტენსიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი, რომელიც საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერაა მხარდაჭერილი.
“მოვუწოდებთ მოსახლეობას, ნუ გამოიყენებენ სასმელ წყალს სარწყავად, რაც გვალვის გამო ისედაც შემცირებულ წყლის დებეტს მძიმე ტვირთად აწვება და მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგების გარეშე ტოვებს”, – აღნიშნულია ხაშურის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.