სტატიები

უსაფრთხოა თუ არა რიკოთზე გადაადგილება – რას ამბობს ხალხი, რას ამბობს გზების დეპარტამენტი

შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რიკოთის უღელტეხილზე არსებულ მდგომარეობაზე საზოგადოება აქტიურად ალაპარაკდა. საუბარია ახალი გზის პროექტზე, რომელიც საერთაშორისო დაფინანსებით რამდენიმე წელია ხორციელდება. 

მოქალაქეთა ნაწილი თვლის, რომ აღნიშნულ გზაზე გადაადგილება საფრთხის შემცველია და მიუხედავად გზების დეპარტამენტის მიერ არაერთგზის გაკეთებული განმარტებისა, მის უსაფრთხოებაში ეჭვი ეპარებათ. მათ ეჭვს ამყარებს, ისიც რომ რამდენიმე თვეა რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოქმედებს და ავტომობილების გაშვება შეზღუდულად ხდება. 

“სამწუხარო ისაა, რომ არავისი აღარაფერი გვჯერა! რა, თქმა უნდა არც თქვენი!”, – მიმართავენ მოქალაქეები საავტომობილო გზების დეპარტამენს. 

“არამგონია ეს გზები საიმედო იყოს, ისევ ძველი გზით ჯობია სიარული. სანდოები არ არიან, არც ჩინელები და არც მაგათი დამქაში ქართველები”,- ამბობს ელდარ მალუტაშვილი.

“რამხელა მთაა მოჭრილი მთელ უღელტეხილზე, ცოცავს და ცოცავს. ვერ აკეთებენ. მიწა და კლდე არ ჩერდება, დაბლა კი გზაა, “სეტკებს” აფენენ და ბეტონს ასხავენ, რომ ზედაპირი დააბეტონონ. ეს არ არის სანდო და აუცილებლად დიდ კატასტროფებს გამოიწვევს რამოდენიმე ადგილას”, – ამბობს დავით საცერაძე. 

“ეგ მარტო კარგი ამინდის გზაა, წვიმის დროს ჯობია საჩხერით წახვიდე, მანდ ჯერ არ მიკარებიან ესენი და უფრო საიმედოა”, – ამბობს ბაჩანა კუპრეიშვილი.

რა ხდებოდა უღელტეხილზე რამდენიმე თვის წინ ? 

სპეციალური რეჟიმი მოქმედებდა ორი თვის წინაც, როცა ძლიერმა წვიმამ აღნიშნულ გზაზე მიწის მასის ჩამოშლა გამოიწვია. ასეთივე რეჟიმი დაწესდა მიმდინარე წლის აპრილშიც, რადგან არსებობდა მეწყრული პროცესების საფრთხე. 

სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებოდნენ პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და რევერსულად ანუ ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით.

მაშინ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიწის ჩამოშლა, რამაც გზაზე გადაადგილება შეზღუდა, ძლიერ წვიმას დააბრალა და კატეგორიულად უარყო გავრცელებული მოსაზრება, რომ შეიძლებოდა ამის მიზეზი მაგისტრალის მშენებლობა ყოფილიყო. 

ჩამოწოლილი მიწის მასა რიკოთზე. 22.06.2023
რას ამბობს ახლა გზების დეპარტამენტი? 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი წერეთელ აცხადებს, რომ  რიკოთზე სამუშაოები გეგმაზომიერად მიმდინარეობს და ყველა ფერდის დამუშავება პროექტის შესაბამისად ხდება და საზოგადოების ნაწილი, მათ შორის მედია დეპარტამენტის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში დაადანაშაულა. 

“არაერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, თუ მედიასაშუალებამ, შოვში მომხდარი ტარგედიის შემდეგ, რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, კვლავ დაიწყო პროექტისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის დისკრედიტაცია. მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რიკოთის ყველა დასრულებული მონაკვეთი იქნება უსაფრთხო,“ – განაცხადა მან. 

მისივე განმარტებით, უღელტეხილზე, გარკვეულ მონაკვეთებზე სამუშაოების პროგრესი მაღალია და ეს მონაკვეთები წლის ბოლომდე შევა ექსპლუატაციაში. მისი თქმით, რიკოთის მონაკვეთზე 77 ფერდია, რომელსაც უკეთდება პროექტით განსაზღვრული შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოები.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.