ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყაში, მდინარე მდინარე ჭერათხევის მონაკვეთზე დაზიანებული ნაპირსამაგრი/ნაპირდამცავი კედლების მშენებლობა/რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა.
სამუშაოებისთვის ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ 445 872 ლარი გაითვალისწინა. საუბარია გზის იმ მონაკვეთზე, სადაც გადააგილდებიან ავტომობილები და რომლითაც სოფელ ვაყის მოსახლეობა სარგებლობს. როგორც ირკვევა, გზის ეს მონაკვეთი მეწყრული პროცესების შედეგადაა დაზიანებული.
“ნაპირდამცავი საყრდენი კედელი ეწყობა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ვაყაში მდ. ჭერათხევის მონაკვეთზე არსებული საუბნო საავტომობილო გზის აღსადგენად და მის დასაცავად შემდგომი ეროზიული პროცესებისგან. გზის ეს მონაკვეთი დაზიანებულია მეწყრული პროცესების შედეგად, რომლის გამომწვევი მიზეზები აღწერილია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც შესრულებულია 2023 წლის მარტში ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით”, – ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.
სარეაბილიტაციო მონაკვეთზე არსებული სიტუაციის აღწერაში ნათქვამია, რომ საუბნო საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი განთავსებულია მდ. ჭერათხევის გასწვრივ, თაროზე. თარო (გზის ვაკისი) მდებარეობს ხევის მარცხენა ნაპირზე და შემაღლებულია კალაპოტის ძირიდან (წყლის დონიდან) 13-14 მ-ით.
“მდინარის კალაპოტი ამ ნაწილში მკვეთრად იცვლის მიმართულებას (დაახლოვებით 90°-ით) და რეცხავს ხევის მარცხენა ნაპირზე ტერასული საფეხურის ძირს, რაც წარმოადგენს მეწყრული პროცესის გააქტიურების ძირითად მიზეზს. წყლის სარკის სიგანე ამ ადგილის მიმდებარედ მერყეობს 7.0÷8.0 მ-ის ფარგლებში”, – ნათქვამია კვლევაში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ არსებული საუბნო საავტომობილო გზის ფერდო (სიგრძით 30 მ) დაზიანებულია აგრეთვე საყოფაცხოვრებო, ზედაპირული და ზედა თაროზე მდებარე ხევის წყლის ნაკადების ერთობლივი ზემოქმედების შედეგად, გზის ვაკისი ამჟამად მთლიანად ჩავარდნილია და მასზე მოძრაობა შეუძლებელია. აგრეთვე, არსებობს საშიშროება მდინარემ გამოურეცხოს ძირი მეწყერის შედეგეგად წარმოქმნილ ეროზიულ-მეწყრულ ფლატეს და უფრო ფართოდ გავრცელდეს მეწყრული პროცესები.
“არსებული საავტომობილო გზით სარგებლობს სოფლის მოსახლეობა და საჭიროა მისი აღდგენა და დაცვა ფერდოს შემდგომი ჩამოშლისაგან”, – აღნიშნულია კვლევაში, რომელიც შპს “აიდიემმა” ჩაატარა.
დამცავი კელდების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ტენდერი ხაშურის მერიამ 4 აგვისტოს გამოაცხადა. შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 161 დღეში უნდა დაასრულოს.