ახალი ამბები

როგორ ავირჩევთ გორი – კასპის მაჟორიტარ დეპუტატს შუალედურ არჩევნებზე – ცესკო -ს განმარტება

1-ელ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულებები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, ამომრჩევლები პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატს და გურჯაანის მერს აირჩევენ.

“საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველი ოქტომბრის არჩევნებს. ეს არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან გვაქვს შესაძლებლობა 2024 წლის საერთო არჩევნებამდე კიდევ ერთხელ გამოვცადოთ ელექტრონული ტექნოლოგიები საარჩევნო პროცესში. რაც, რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ამომრჩევლებისა და ჩართული მხარეების ცნობიერების ამაღლებას, ასევე საარჩევნო ადმინისტრატორები ელექტრონულ ტექნოლოგიებთან მუშაობის კიდევ უფრო მეტ პრაქტიკულ გამოცდილებას შეიძენენ”, – განაცხადა ნათია იოსელიანმა. 

როგორ ჩატარდება შუალედური არჩევნები 2023 
  • ცესკოს -ს განმარტებით, შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის  სულ 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება.  ამომრჩეველთა ვერიფიკაციის,  ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 103 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 85.3% მიიღებს.
  • დანარჩენ, 30 საარჩევნო უბანზე კი კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის. 

შეგახსენებთ, რომ შუალედური/რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და გურჯაანის მერმა ზურაბ უტიაშვილმა თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს.

დატოვეთ კომენტარი