ბევრი რამეა მისახედი, – ამბობენ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში. კერძოდ, ადგილობრივები წუხან, რომ სოფელში საკმარისი ოდენობის ნაგვის ურნები არ დგას, რომ სოფლის ერთადერთი წყარო ინგრევა და საგზაო ინფრასტრუქტურაც მოსაწესრიგებელია.
ოკამში არსებულ პრობლემებზე მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ.
“ბევრი რამეა მისახედი, მაგრამ რაც მისახედია და აუცილებელია: ელექტროენერგიის მოწესრიგება, სოფლის წყარო, მედპუნქტის უკან გზა- მანქანები ძლივს რომ გადაადგილდებიან და გასართობი რამე ცენტრი ახალგაზრდებისათვის”, – წერს თემურ ჩიტაშვილი.
“მეორეხარისხოვან ქუჩებში გზა, განათება და ნაგვის ურნები”,– ამბობს სალომე ზანგური.
“ნაგვის ურნებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ნაგავი ერთ კილომეტრზე ჩამოგვაქვს”, – წერს მთვარისა ტატუნაშვილი.
ადგილბრივები ამბობენ, რომ სოფელში არსებული წყარო წლებია მოუვლელია და ყურადღებას არავინ აქცევს.
“წყაროს მიხედოთ სჯობია, ვერ ჩასულხარ თავ-პირს დაიმტვრევ. დაინგრა სულ. ამხელა სოფელს ერთი წყარო აქვს და ასე უპატრონოდ გდია. ხანდახან, ხელი რომ შეავლოთ ხოლმე, კარგი იქნება. ერთხელ აზრად არ მოგსვლიათ, რომ დანგრეულია და შეკეთება უნდა”, – წერს ბაია ქავთარაძე.
ჩამოთვლილ პრობლემებზე ხელისუფლების გეგმების გასარკვევად, “მოზაიკა” ოკამში მერის წარმომადგენელს დაუკავშირდა.
ნაგვის ურნების დამატების მოთხოვნას, კობა ჩიტიაშვილმა ასე უპასუხა:
“ურნები ცენტრალურ გზაზეა განთავსებული, რაც შეეხება შიდა უბნებს, აქ ურნები ვერ დაიდგმება, რადგან მანქანა ვერ შევა დასაცლელად. შიდა უბნებს ემსახურება მანქანა კვირაში ორჯერ”, – გვითხრა მერის წარმომადგენელმა.
რაც შეეხება წყაროს რეაბილიტაციას და ახალგაზრდული სივრცის მოწყობას, აღნიშნული საკითხების დაყენება მოქალაქეებს მომავალ წელს სოფლის კრებაზე შეეძლებათ, სადაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებული პროექტი შეირჩევა.
კასპის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ოკამში, ერთ-ერთი საუბნო გზა რეაბილიტირდა სწორედ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით რეაბილიტირდა – კერძოდ ეკლესიამდე მისასვლელი გზაზე მოეწყო ბეტონის საფარი. აღნიშნული გზის სიგრძე 290 მეტრია და მისი რეაბილიტაციისთვის 59 904 ლარი დაიხარჯა.