გორში მდებარე ანტირუსული “რესტო ბარის” მფლობელმა ბიზნესის გაყიდვა გადაწყვიტა.
“გადავწყვიტეთ ჩვენი მოქმედი ბიზნესი გავყიდოთ, ამოგვეწურა ყველა იმედი , წავალთ ჩვენც ამერიკაში ვიპოვნით ბედნიერებას”, – ვკითხულობს “რესტო ბარი – ბლექ სთარის'” განცხადებაში.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით, ბიზნესის შეძენა მხოლოდ ქართველებს შეეძლებათ.
“საქართველოს არ უწერია ბედნიერება სანამ ილია ჭავჭავაძის ღვაწლს აბუჩად აიგდებენ; სანამ ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და ჟიული შარტავას მკვლელებს, ცოცხლებს არ დასჯიან, ჩაძაღლებულს პანთეონებიდან სანაგვეზე არ გადააგდებენ და პუტჩისტებს პარლამენტიდან არ გამოაპანღურებენ, სანამ გიორგი ანწუხელიძის თავდადებას აუფასურებენ, სანამ გმირთა ხსოვნას, მანქანებიდან ბოლო ხმაზე რუსულ სიმღერებს მიუძღვნიან…
P.S. ვყიდით მოქმედ ბიზნეს და ქონებას მხოლოდ ქართველებზე!!! სულით ქართველებზე და არა გვარით ქართველებზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ “რესტო ბარი – ბლექ სთარი'” 2017 წელს გაიხსნა და მას ანტირუსული და პროევროპული პოლიტიკა ჰქონდა. უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, “რესტო ბარი” სხვადასხვა ფორმით გამოხატავდა მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ასევე, საქართველოს, ევროკავშირის და ნატოს დროშების აღმართვით გამოხატავდა საკუთარ პოზიციას ქვეყნის ევროპული კურსის მიმართ.
აღსანიშნავია ისიც, რომ “რესტო ბარი – ბლექ სთარი'” არ ერიდებოდა ხელისუფლების კრიტიკას. ეს სწორედ ის დაწესებულებაა, რომელიც 2023 ლის 7 აპრილს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციებს შეუერთდა და სანქცირებულ მოსამართლეებს რესტო ბარის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.