რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკას მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები სერგო გუგუტიშვილი და თამაზ კახაბრიშვილი თავისუფალი არიან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან, – ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
“აღნიშნული პირების უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ კომუნიკაციას ახორციელებდა ცხელი ხაზის მეშვეობით. პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. გარდა ამისა, მათი უკანონო დაკავებისა და დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM), ისე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში გამართულ შეხვედრებზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.