ახალი ამბები

სამხედრო ჰოსპიტალის ექიმები სტაჟირებაზე თურქეთში იმყოფებიან

გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ექიმთა ჯგუფი სტაჟირებას თურქეთში, აჯიბადემის სამედიცინო ქსელის ცენტრალურ კლინიკაში გადის.

“ჰოსპიტლის ექიმთა სტაჟირება Acıbadem Healthcare Group-ის კლინიკებში რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, პირველ ეტაპზე, თურქეთში სამი ექიმი გაემგზავრა – ქირურგიული განყოფილების უფროსი გიორგი ჯავახიშვილი, ინტენსიური მოვლისა და ანესთეზიოლოგიის განყოფილების უფროსი ზურაბ ნადირაშვილი და ქირურგიული განყოფილების ექიმი ბაკურ არაბული”, – აღნიშნავს საავადმყოფოს ადმინისტრაცია. 

ჰოსპიტლის ექიმების სტაჟირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სრულად უზრუნველყოფს აჯიბადემის სამედიცინო ჯგუფი.

“სტაჟირების პერიოდში, ჰოსპიტლის ექიმები, აჯიბადემის სამედიცინო ქსელის ცენტრალური კლინიკის წამყვან სპეციალისტებთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში, ერთობლივად განიხილავენ სხვადასხვა შემთხვევას, ეცნობიან თანამედროვე გაიდლაინებს, მონაწილეობენ სხვადასხვა მანიპულაციებში”, – წერს სამხედრო ჰოსპიტალი. 

სტაჟირება ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის საერთაშორისო ჰოსპიტალ Acibadem Saglik Hizmetleri ve Tic. A.S.-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი