გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ დისერტაცია რუსეთის სვიატო-ტიხონოვსკის მართლმადიდებლურ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში დაიცვა. ამის შესახებ ინფორმაცია ამავე უნივერსიტეტის ვებგვერდზე 14 ივლისს გამოქვეყნდა.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მეუფე ანდრიამ დაიცვა დისერტაცია თემაზე: “ვაჰანის ქვაბები – ადგილი და მნიშვნელობა ძველქართულ სამონასტრო ტრადიციაში”, რითაც მას ღვთისმეტყველის კანდიდატის ხარისხი მიენიჭა.
“ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელები იყვნენ ზოგადი და რუსული ეკლესიის ისტორიისა და კანონიკური სამართლის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი, მღვდელი ალექსანდრე შჩელკაჩოვი და თეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი პეტრ იურიევიჩ მალკოვი. საკონსულტაციო დახმარებას უწევდნენ სასულიერო ფაკულტეტის მასწავლებლები ია ევგენიევნა მელნიკოვა და ნატალია გენადიევნა გოლოვნინა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით, სადისერტაციო საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხის მინიჭებას და ასევე გამოთქვეს სურვილი, რომ ნაშრომი ქართულადაც მალე ითარგმნოს და გამოიცეს.