44 წლის გიორგი ნოზაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა სიკვდილის ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია.
მამაკაცი სოფელ გომიდან იყო და თბილისში, მეუღლესთან და ორ გერთან ერთად ცხოვრობდა.
ოჯახი სამართალდამცავების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს და მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. ნოზაძეები ვარაუდობენ, რომ კაცი ჯერ გათიშეს, მოგვიანებით კი უგონო მდგომარეობაში, მე-6 სართულის ფანჯრიდან გადააგდეს.
გარდაცვლილის დედა კაცის მეუღლესა და გერებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ მის შვილს მათთან კონფლიქტი ჰქონდა.
”ლისზე მუშაობდა. ლისიდან წამოსულა დაახლოებით 5 საათზე. მეტროდან მაგათ სახლამდე მესამეში ხიდთან, გლდანში არის ნახევარი კილომეტრი მაინც და იქიდან იქამდე 4 დიაზეპამით მიღებული ვერ ამოვიდოდა. დედაც, ეს ორი ბიჭიც და ამხანაგიც ჰყავდათ. მე ვფიქრობ რომ ვერ დაიმორჩილეს შემოარტყეს და შემოაკვდათ. მოკვლაც არ უნდოდათ, გაეთიშათ და ვეღარც მოაბრუნეს და ამის მერე დაელოდნენ ხალხის მიყუჩებას”, – ამბობს ზოია ნოზაძე.
მეუღლე კი ბრალდებას უარყოფს და მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს. მისი თქმით, გარდაცვალების დღეს გიორგი ნოზაძე ფსიქოტროპული მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და შესაძლოა, მისი სიკვდილიც უბედურ შემთხვევას უკავშირდებოდეს.
”სახლში რომ ამოვიდა, ისეთი აგრესიული გახდა, რომ ერთი კონიაკი დალია იმ დიაზეპამთან ერთად. მე არ დამინახავს ის დიაზეპამი დალია თუ არა, იმ საღამოს დედამისს დავურეკე, თავის დისშვილს დავურეკე და ვუთხარი რაღაცა ესეთი წამალი აქვს დალეული და აქამდეც ხომ არ ღებულობდა – მეთქი. თუ, იცოდა რომ ეგეთი უკუჩვენება ჰქონდამაგ წამალს, რატომ არ მითხრა?!…ოთხის რაღაცა წუთები იყო, რომ გადმოვარდა ფანჯრიდან. ფაქტს არ შევსწრებივარ”, – ამბობს გარდაცვლილის ცოლი თეა ნანავა.
44 წლის გიორგი ნოზაძე თბილისში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში გასული წლის ნოემბერში გარდაცვლილი ნახეს, გამოძიება სსკ -ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტიდან თითქმის 9 თვეა გასული, ექსპერტიზის პასუხი ამ დრომდე უცნობია.