ადამიანები ისტორიები

“ჩემი ოცნებაა, დავბრუნდეთ სოხუმში, სანამ ცოცხალი ვარ” – 65 წლის ქალი საოკუპაციო ხაზიდან 

ჩემი ოცნებაა, დავბრუნდეთ სოხუმში, სანამ ცოცხალი ვარ, – მითხრა გულო ტურაშვილმა, რომელსაც წელს 65 წელი შეუსრულდა. 

გულო საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ ქორდში ცხოვრობს. მან საკუთარი თვალით ორი ომი ნახა – ჯერ სოხუმში, შემდეგ კი ქორდში ცხოვრებისას. 

1993 წელს, როცა სოხუმი დაეცა, ავდექით და აქეთ წამოვედით. მას შემდეგ ამ სოფელში ვცხოვრობ და როგორც ჩემი სამშობლოს ნაწილი, აქაურობაც ძალიან შევიყვარე, კარგი სოფელია, კარგი ჰაერით და ხალხით”, – მითხრა გულომ. 

უკვე 30 წელია, რაც ქორდში ცხოვრობს. მისი ყოველდღიურობა ახლობლებზე ზრუნვაა – საოჯახო საქმეების გარდა, უვლის ბაღებსაც და როგორც თავად ამბობს, წუხს, რომ სხვა სფეროში საკუთარი ძალები ვერ მოსინჯა. 

“მთელი ჩემი ცხოვრება შრომაა. ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, რომ არსად არაფერი სამსახური არ მქონია, არც სოხუმში და არც აქეთ. ამან მიმახვედრა, რომ კარგი განათლება და სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ყველას მაგას ვეუბნები, რომ ისწავლონ, ბევრი ისწავლონ და საკუთარი საქმე გაიჩინოს. ეგ თვითონაც წაადგებათ და ქვეყანასაც”. 

ამბობს, რომ უყურებს, სოფელი ნელ-ნელა როგორ იცლება, მაგრამ თავად არსად წასვლა აღარ უნდა. 

“უფრო მეტად ქალები მიდიან და ძალიან ვდარდობ ამის გამო, ძალიან ცუდია. მე რაც აქ ჩამოვედი, აღარც მიფიქრია სადმე წასვლა … არც ომის შემდეგ და არც ომამდე”, – მითხრა და საუბარი ისე გააგრძელა, რომ მივხვდი, ერთადერთი ადგილი, სადაც გული მიუწევს, საკუთარი მშობლიური ქალაქია, – “თუ რამე მენატრება, ის დროა, სოხუმში რომ ვცხოვრობდი. ვიხსენებ ხოლმე, ბავშვები როგორ დამყავდა სკოლაში, როგორ დავდიოდით ერთად ზღვაზე და ბედნიერად ვატარებდით დროს. ძალიან მინდა ისევ იქ დავბრუნდე, სანამ ცოცხალი ვარ”. 

სანამ ცოცხალია, ფიქრობს, რომ საკუთარი წარსული და მშობლიური მიწა არ უნდა დაავიწყდეს. მშობლიური ამბების გახსენება წარსულის პატივისცემააო, მითხრა. 

“სამშობლო ყველაფერია, და პირველ რიგში, წარსულის პატივისცემაა. ამიტომაც არ მავიწყდება სოხუმი, ამიტომაც მიყვარს დღემდე და ამიტომაც ისევ ისე მინდა იქ ყოფნა, როგორც წლების წინ. იმედი, რომ ეს ასეც იქნება, სულ მაქვს”.


მასალა მომზადებულია პროექტის “ქალები და ოკუპაცია” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” შვედური ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” დაფინანსებით ახორციელებს. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.