კომპანიას, რომელმაც სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დავების საბჭოში უჩივლა, საჩივარი ნაწილობრივ დაუკმაყოფილეს. საუბარია შპს “ელ შოპზე”, რომელიც მონაწილეობას იღებდა სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, თუმცა სააგენტოს სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მიანიჭა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.
კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება დავების საბჭოში გაასაჩივრა. საბჭომ საჩივარი განიხილა და მიღებული გადაწყვეტილება გაასაჯაროვა.
ოქმის მიხედვით, დავების საბჭომ შპს “ელ შოპის” საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რის მიხედვითაც გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დაევალა მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვა და შპს „ელ შოპის“ მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუშების შეფასება წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
“საბჭო მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს“ სატენდერო კომისიამ უნდა იმსჯელოს წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულ გარემოებებზე და მხოლოდ ამის გათვალისწინებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება”, – ნათქვამია ოქმში.
რატომ მიანიჭა დისკვალიფიკაცია სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ შპს “ელშოპს”?
სადავო ტენდერი სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ 8 ივნისს გამოაცხადა, რის მიხედვითაც სურდა შეეძინა 55 ცალი ხორცსაკეპი მანქანა, 30 ცალი ელექტრო გამაცხელებელი, 15 ცალი გამწოვი.
სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს გადაწყვეტილებით, შპს” ელ შოპს” დისკვალიფიკაცია მიენიჭა, კერძოდ, ხორცსაკეპი მანქანის ტექნიკური პარამეტრების გამო, რომელსაც კომპანიის მიერ შეთავაზებული ტექნიკა ვერ აკმაყოფილებდა.
ამავე თემაზე: გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს უჩივის კომპანია, რომელსაც დისკვალიფიკაცია მიენიჭა
ტენდერში ორი პრეტენდენტი მონაწილოებდა: შპს “ელ შოპი” და შპს “ელიტელი”. აღსანიშნავია, ისიც, რომ მომჩივანი კომპანია, “ელ შოპი” კონკურენტ კომპანიასთან შედარებით სამზარეულოს ტექნიკის მიწოდებას შედარებით დაბალ ფასად, 33 333 ლარად სთავაზობდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად სააგენტოს 48 450 ლარი ჰქონდა განსაზღვრული.
ამ დროისთვის, აღნიშნული ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. სააგენტოს დავების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება გამოქვეყნებიდან, 1 თვის ვადაში შეუძლია.