“ბევრ ქვეყანაში მაქვს გაგზავნილი ჩემი აქსესუარები, მათ შორის ევროპარლამენტშიც უკეთიათ ჩემი გულსაბნევები”, – ამბობს ნინო კოპაძე, რომელიც თექით, ტყავით და ბუნებრივი ქვებით საქართველოს რუკის ფორმის აქსესუარებს ამზადებს.
33 წლის ნინო კოპაძე ქარელიდანაა და 10 წელზე მეტია, რაც ხელნაკეთ აქსესუარებს ყიდის. “ნინიტა” ძირითადად საყურეებს, აბადოკებს, გუსაბნევებს, თმის სამაგრებს და გულსაკიდებს აწარმოებს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი, საქართველოს რუკის ფორმის აქსესუარების წარმოება დაიწყო.
“პატრიოტი ადამიანი ვარ, დამოკიდებულება ჩემი ქვეყნის მიმართ განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ გამიმძაფრდა. ამ ომის შემდეგ, კიდევ მეტად მომინდა, რომ ჩემი ნამუშევრებით სამშობლოს მიმართ სიყვარული და პატივისცემა გამომეხატა”.
ნინო ყველა დეტალი ახსოვს იმ საღამოდან, როცა საქართველოს რუკის ფორმის გულსაბნევი პირველად გააკეთა.
“შავი იყო წითელში. წითელი მძივით დაკარგული ტერიტორიები აღვნიშნე. ნივთს 2 საათი მოვანდომე და დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელში დავდე. არ მიფიქრია, რომ დიდი გამოხმაურება მოჰყვებოდა. მე ვიყავი პირველი, ვინც მსგავს თემაზე ნამუშევარი შევქმენი, ნანახიც კი არ მქონდა და ამის მერე გაჩნდა უკვე სხვადასხვა გვერდებზე ანალოგიური ნამუშევარი”.
ნინო ხელნაკეთ აქსესუარებს საზრღვარგარეთ, ემიგრანტებზეც უგზავნის. ამბობს, რომ ნამუშევრები მათ განსაკუთრებით შეიყვარეს.
“როდესაც რუკებზე ვმუშაობ, არავის არ ვთხოვ დახმარებას, ეს ჩემია და მხოლოდ მე უნდა გავაკეთო. ჩემი გულსაბნევები ემიგრანტებისთვის თილისმასავით იქცა, მწერენ ხოლმე გულაჩუყებულები და მადლობებს მიხდიან. ჩემთვისაც ძალიან ემოციურია მათი წერილების კითხვა. მგონია, რომ ამ დამოკიდებულებამ კიდევ მეტად შემაყვარა ის, რასაც ვაკეთებ”.