კასპის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრიდან შპს “მეგა ჰოლდინგს” 862 002 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის ამოღება სურს.
კომპანია, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების სამ-წლიან ლიცენზიას ფლობს, 2015 წელს შეიქმნა და საწყის ეტაპზე “თბილ ცემენტ ჯგუფის” სახელით საქმიანობდა.
იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემებით, კომპანიის წილებს ინაწილებენ ვაჟა მანაშეროვი (17%), რუსუდან წითლანაძე (19.6%), მიხეილ დათიკაშვილი (12.25%), გიორგი ნონიკაშვილი (1.15%) და შპს “ლ.ი.ს გრუპ”, რომელსაც კომპანიის 50% ეკუთვნის.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, კომპანიის გენერალური დირექტორი ვაჟა მანაშეროვია, რომელსაც “ქართული ოცნებისთვის” 60 000 ლარი აქვს შეწირული – მანაშეროვმა პარტიას თანხა 2017 წელს, თვითმმართველობის არჩევნების წინ გადაურიცხა.
იმავე დღეს, “ქართულმა ოცნებამ” შემოწირულობა კომპანიის კიდევ ერთი მეწილისგან მიიღო – 2017 წლის 16 აგვისტოს პარტიას 8 000 ლარი მიხეილ დათიკაშვილმაც გადაურიცხა.
ოდნავ მოგვიანებით, 2017 წლის 10 ოქტომბერს კი, მმართველ პარტიას 60 000 ლარი კომპანიის კიდევ ერთმა მეწილემ, გიორგი ნონიკაშვილმა შესწირა.
ჯამში, წინასაარჩევნოდ კომპანიის მფლობელებისგან “ქართულმა ოცნებამ” 128 000 ლარი მიიღო.
რაც შეეხება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას. კომპანიამ შესაბამისი ლიცენზია 2021 წლის 21 დეკემბერს, წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებით მიიღო და ქვიშა-ხრეშის მოპოვება კასპის მუნიციპალიტეტში 2022 წლიდან დაიწყო.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ამ ეტაპზე, კომპანიას სოფელ ნიაბში სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) გადამამუშავებელი საწარმოს ამუშავების და მდინარე მტკვრიდან სასარგებლო 862 002 კუბური მეტრის წიაღისეულის მოპოვების უფლების მიღება უნდა.
ორივე საკითხის გადაწყვეტა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლებამოსულებაა და კანონის მიხედვით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მოსაზრებების მოსმენა და გათვალისწინებაა საჭირო.
სწორედ ამ მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტში საჯარო განხილვებია ჩანიშნული, სადაც ის შედეგები უნდა გაანალიზდეს, რომლებიც შესაძლოა, საწარმოს ამუშავებამ და ამ ოდენობის ბუნებრივი რესურსების მოპოვებამ გარემოზე იქონიოს.
კასპის მუნიციპალიტეტში შპს „მეგა ჰოლდინგის“ სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) გადამამუშავებელი საწარმოს ექსპლუატაციის პროექტზე საჯარო განხილვა 2023 წლის 22 აგვისტოსაა დაგეგმილი:
- 12:00 საათი, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა;
- 15:00 საათი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.
კასპის მუნიციპალიტეტში შპს ,,მეგა ჰოლდინგის“ მიერ მდინარე მტკვარზე სასარგებლო წიაღისეულის ( 862 002 მ³ ქვიშა-ხრეში) მოპოვების საკითხზე საჯარო განხილვა 2023 წლის 25 აგვისტოს გაიმართება:
- 12:00 საათი – კასპის მუნიციპალიტეტის მერია;
- 15:00 საათი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.
საჯარო განხილვაში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. შეხვედრიდან ორი კვირის ვადაში კი, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთვის შენიშვნების და მოსაზრებების წარდგენა წერილობითი ფორმითაც იქნება შესაძლებელი.