ახალი ამბები

პოლიციელის ცემაში ბრალდებულ სამივე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მომხდარი ინციდენტის დროს, პოლიციელის ცემაში ბრალდებულ სამივე პირს გორის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი იხილავდა. 

დაცვის მხარე ითხოვდა დაკავებულების აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუმცა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების პოზიცია და დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ. 

ბრალდებულების ადვოკატმა მოსამართლეს განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები კასპის პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ, დაზარალებულად ცნობილი პოლიციელის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლნი გახდნენ. 

“განყოფილებაში მიყვანის შემდეგ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირებისადმი განხორციელდა ფიზიკური ანგარიშსწორება, რომელშიც მონაწილეობდა დაზარალებულად ცნობილი პოლიციელი და მისი მამა, რომელიც ასევე არის ყოფილი პოლიციელი და შევარდნაძის დროს მუშაობდა ქარელის პოლიციაში”, – განაცხადა ბრალდებულების ადვოკატმა. 

შეგახსენებთ, რომ სოფელ მეტეხში მოქალაქეებსა და სტუმრად მყოფ პოლიციელს შორის დაპირისპირება ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დაიწყო. ერთ-ერთი ვერსიით, პოლიციელმა სამსახურეობრივი იარაღიდან ისროლა, დაკავებულებმა კი მას იარაღი წაართვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.