გორის მუნიციპალიტეტის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის თქმით, სოფელ მეჯვრისხევში კულტურის სახლის რებილიტაცია პრობლემური საკითხია, რადგან შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და სამუშაოებიც შესაბამისად უნდა ჩატარდეს.
ხინჩეგაშვილმა ამ საკითხზე სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე ისაუბრა. მისივე თქმით, შენობის რეაბილიტაციის საკითხზე კულტურის სამინისტროს წერილით მიმართავენ.
“უახლოეს პერიოდში წერილი მიეწერება კულტურის სამინისტროს მეჯვრისხევის კულტურის ცენტრის რეაბილიტაციის თაობაზე. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი რეაბილიტაციის საკითხი მერიისთვის პრობლემურ საკითხს წარმოადგენს”, – განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
ინფორმაციისთვის, მეჯვრისხევში კულტურის სახლის რეაბილიტაციის სურვილი მოსახლოებამ ორი წლის წინაც გამოთქვა. საკითხი იმჟამინდელ მერს, კონსტანტინე თავზარაშვილსაც გააცნეს. შენობა წლებია ავარიულია და მასში ნებისმიერი აქტივობის ჩატარება საფრთხის შემცველია.