გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს უჩივის კომპანია, რომელსაც სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მიანიჭა. საუბარია შპს “ელ შოპზე”, რომელმაც სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დავების საბჭოში უჩივლა.
სააგენტოს სურს, შეიძინოს 55 ცალი ხორცსაკეპი მანქანა, 30 ცალი ელექტრო გამაცხელებელი, 15 ცალი გამწოვი.
“არ ვეთანხმებით სატენდერო კომისიის მსჯელობას და გადაწყვეტილებას შეთავაზებული საქონლის ტექნიკურ პარამეტრთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენს მიერ შეთავაზებულ ხორცსაკეპ მანქანას გააჩნია სიმძლავრე – 3600 ვატი. რაც აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნას – ,,სიმძლავრე არანაკლებ 3500 ვატი“, – ამბობენ კომპანიაში.
კომპანია ამბობს, რომ შემსყიდველის მიერ აქცენტი კეთდება უშუალოდ ხორცსაკეპ მანქანაზე არსებულ მხოლოდ ერთ ჩანაწერზე, რომელიც ატვირთული აქვთ სისტემაში დასურათებული სახით.
“რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ასევე დასურათებული აქვს შემსყიდველს – უშუალოდ ხორცსაკეპ მანქანაზე შავით თეთრზე წერია – ,,TURBO FORCE 3600” – ტურბო სიმძლავრე 3600, მაგრამ რატომღაც სატენდერო კომისია არ მსჯელობს აღნიშნულ გარემოებაზე და ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ იმ ჩანაწერზე რომელიც დასახელებული აქვს დისკვალიფიკაციის მიზეზად”, – განმარტავს კომპანია.
შპს ელ შოპის მტკიცებით, იმის დამადასტურებლად, რომ მათ მიერ შეთავაზებული ხორცსაკეპ მანქანას ნამდვილად გააჩნია ის მაქსიმალური სიმძლავრე, შემსყიდველს გადაეგზავნა მწარმოებლის წერილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ მაინც მიიღეს გადაწყვეტილება შპს “ელ შოპის” დისკვალიფიკაციის შესახებ.
კომპანია ითხოვს, რომ გაუქმდეს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს სატენდერო კომისიის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება, შპს “ელ შოპისთვის” დისკვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე.
დავების საბჭოს აღნიშნული საჩივრის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ გაუსაჯაროებია.