ახალი ამბები

ხაშურში რაგბის სტადიონის აშენების ვადები მემორანდუმში არ წერია – მერია

ხაშურის მერიის თქმით, რაგბის სტადიონის აშენების ვადები რაგბის კავშირთან დადებულ მემორანდუმში გაწერილი არ ყოფილა. 

“ვადები არაა განსაზღვრული სტადიონის აშენებასთან დაკავშირებით. ჩვენ მხოლოდ თანხმობა მივეცით ზემო სერის მიწაზე სარაგბო ბაზის აშენებასთან დაკავშირებით”, – გვითხრა ხაშურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო სუხიაშვილმა.

მემორანდუმი რაგბის კავშირთან ხაშურის მერიამ 2022 წლის 14 ივნიის გააფორმა და მას ხელი მუნიციპალიტეტის მერმა, თენგიზ ჩიტიაშვილმა მოაწერა. მემორანდუმის მიხედვით, ხაშურში, ზემო სერის ტერიტორიაზე რაგბის სტადიონი უნდა აშენებულიყო და ამისთვის, რაგბის კავშირს 4 ჰექტარი მიწის ფართობი გადასცეს.

“საწყის ეტაპზე კომპლექსი მოიცავს ერთ სავარჯიშო და ერთ ძირითად მოედანს ხელოვნური საფარით, რომელიც გათვლილი იქნება 500 მაყურებელზე, იქვე განთავსდება კვების ბლოკი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. შემდგომ ეტაპზე კი განიხილება მულტიფუნქციურ კომპლექსში სასტუმროს (არანაკლებ 40 ადგილისა) მშენებლობა, რაც შექმნის ყველა პირობას როგორც სხვადასხვა სახის შეჯიბრის ჩატარებისთვის, ისე საწვრთნელი შეკრებების მაღალ დონეზე წარმართვისთვის”, – წერდა ხაშურის მერია ერთი წლის წინ. 

მემორანდუმის გაფორმებიდან ერთი წლის შემდეგ კი, ტერიტორიაზე სტადიონის მშენებლობა დაწყებული არ არის. ამის ამსახველი ფოტო რაგბის კლუბის “ლეგიონის” მთავარმა მწვრთნელმა დავით სტეფანოვმა გამოაქვეყნა. ფოტოზე ჩანს, რომ ტერიტორია მოუვლელია და იქ არც ხელოვნურ საფარიანი მოედანი და არც კვების ბლოკი მოწყობილი არ არის. მორაგბეები კი ისევ ძველ ავარიულ სტადიონზე ვარჯიშობენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი