ახალი ამბები

სამხედრო ჰოსპიტალი ნატოსგან და ევროკავშირისგან მაღალტექნოლოგიურ აპარატურას მიიღებს

გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს. 

უწყების ცნობით, სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების კუთხით ჰოსპიტალს ნატო და ევროკავშირი ეხმარება. 

“ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი 64 ერთეულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო აპარატურას მიიღებს”, – წერს სამინისტრო. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული. ჰოსპიტალი აღიჭურვება ისეთი მნიშვნელოვანი აპარატურით, როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) 2 ერთეული სკანერი, ართროსკოპი, მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფი 3T, ციფრული რენტგენი, პორტატული რენტგენი.

“ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში კი, სამხედრო ჰოსპიტლისთვის გათვალისწინებულია 5 225 161 ევროს ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა და შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება. აღნიშნული დახმარების ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებამ უკვე მიიღო პორტატული რენტგენისა და ულტრასონოგრაფიის აპარატები. მიმდინარეობს ნეიროქირურგიული მიკროსკოპის, პლაზმაფერეზისის, სიცოცხლის მონიტორის, ართროსკოპიის აპარატებისა და საოპერაციო მაგიდის შესყიდვისა და შემოტანის პროცესი”, – წერია განცხადებაში. 

მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების პარალელურად, რეაბილიტაცია უტარდება ჰოსპიტალის სხვადასხვა განყოფილებებსაც. 

“სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს ქირურგიისა და ნევროლოგიის განყოფილებებში. გარემონტდება ინფექციური, თერაპიული, ინტენსიური მოვლისა და ანესთეზიოლოგიის განყოფილებებიც. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ამბულატორიული განყოფილების ახალი კორპუსისა და სასადილოს მშენებლობა. განახლდა სამხედრო ჰოსპიტლის ავტოპარკიც. ახალი სატრანსპორტო საშუალებები ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალს მოემსახურება”, – წერს სამინისტრო. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი