ავტორი: ლადო მიხანაშვილი, ველომოყვარულთა კლუბის დამფუძნებელი
ველოსიპედის ინტერესი და სიყვარული პატარა ასაკიდან მქონდა, თითქმის იმ ასაკიდან, სანამ პედალებს მივწვდებოდი და მართვას ვისწავლიდი. არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როდესაც პირველი ველოსიპედი ჩემმა მამიდაშვილებმა მაჩუქეს და ჩემზე ბედნიერი არავინ არსებობდა ქვეყანაზე. ეს იყო ჩემი პირველი საკუთარი ტრანსპორტიც და ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი საშუალებაც. მახსოვს, მაღაზიაში სულ მე დავდიოდი, ვინაიდან უკვე მყავდა საკუთარი ტრანსპორტი, მის მერე გავხდით განუყრელი ძმაკაცები მე და ჩემი ველოსიპედი. ერთად დავდიოდით ქალაქში, სოფელში, ტყეში და ერთად გატარებული წლები დღემდე ტკბილად მახსენდება.
ველოსიპედი, ერთადერთი საშუალებაა, გადაადგილდე შორ და მოკლე მანძილზე ისე, რომ არც გარემო დააბინძურო და მუდმივ ვარჯიშში გყავდეს საკუთარი თავი.
თუ გავითვალისწინებთ, გადატვირთულ ქალაქს, აუცილებელიც არის რომ გამოვიყენოთ ველოსიპედი, როგორც ერთ-ერთი სრულუფლებიანი ტრანსპორტი ქალაქში, სადაც ავტომობილით გადაადგილება ნელ-ნელა შეუძლებელი ხდება. ამით ქალაქიც განიმუხტება და გარემოზე მიყენებული ზიანიც შემცირდება.
თუმცა, ქალაქი ადაპტირებული უნდა იყოს უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის, გამიჯნული სავალი ნაწილი ავტომობილის მძღოლისთვისაც უსაფრთხოა და ველოსიპედისტისთვისაც.
ჩვენს ქალაქშიც, როგორც სხვა უმეტეს ქალაქში, მოუწესრიგებელია ამ მხრივ ინფრასტრუქტურა, ბოლო წლებში თითქოს დაიწყეს ველო ბილიკების დახაზვა მაგრამ, ამაოდ. ციხის ძირში ავტომობილი ველობილიკზე დადიოდა და ველოსიპედი საავტომობილო გზაზე – ეს ქაოსია. ყველამ რომ თავის გზაზე იაროს, ყველასთვის კარგი იქნება. ასევე დიდი პრობლემა იყო ველობილიკზე გაჩერებული ავტომობილები, წითელი ბილიკი ალბათ ბევრს გასაჩერებელი ადგილი ეგონა.
ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდისთვის და ქალაქის ამ მხრივ მოწესრიგებისთვის, გორში შეიქმნა გორის ველომოყვარულთა კლუბი და რამდენიმე ათეული ღონისძიებაც გამართა ქალაქში სწორედ იმ მიზნით, რომ “ველოსიპედი(ც) ტრანსპორტია და ველოსიპედისტი(ც) მძღოლია”. კანონმდებლობით ეს კი ასეა, მაგრამ საზოგადოებაში მაინც გასართობ საშუალებად უყურებენ, ამიტომ ეს არაა მხოლოდ პატარა ასაკისთვის.
თხოვნით მივმართავ დიდსაც და პატარასაც: იარე, იმგზავრე ველოსიპედით – ეს შენთვისაც სასარგებლოა და შენი გარემოსთვისაც. თუ გვინდა უფრო ჯანსაღი გარემო და ქალაქი გვქონდეს, ყველამ უნდა ვიზრუნოთ ამაზე!