გორში ხორბალს ორი წისქვილკომბინატი “ქართული მარცვალი” და “გვანცა” ჩაიბარებენ.
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ცნობით, ამჟამად ერთი ტონა ხორბლის ფასი საშუალოდ 650 ლარია.
“დღევანდელი ფასი ბაზარზე 650 ლარი/ტონის ფარგლებში მერყეობს და ფორმირებულია ანალოგიური ხარისხის საქართველოში იმპორტირებული ხორბლის ხარისხიდან გამომდინარე. საბაზისოდ ითვლება მე-3 კლასის ხორბლის პარამეტრები იქიდან გამომდინარე, რომ ასოციაციის კომპანიების მიერ იმპორტირებული ხორბლის იმპორტირებული ხორბლის უმეტესი წილი სწორედ ამ კლასისაა”, – ამბობენ ასოციაციაში.
მათივე ცნობით, წისქვილკომბინატების მიერ ხდება მხოლოდ სასურსათო ხორბლის შესყიდვა, რეგლამენტში გაწერილი ხარისხობრივი კლასების მიხედვით.
“ხორბალი აუცილებლად უნდა იყოს სასურსათო დანიშნულების. ხორბლის ყველა პარტია, როგორც იმპორტირებული, ასევე ქართული, მოწმდება წისქვილკომბინატების ლაბორატორიების მიერ, შეესაბამება თუ არა იგი სასურსათო ხორბლის პარამეტრებს. სტანდარტის მიხედვით მე-3 და მე- 4 კლასის ხორბალი არის სასურსათო, მე-5 კლასი და შემდგომი უკვე არის არასასურსათო ანუ საფურაჟე ხორბალი”, – განმარტავს ასოციაცია.