სტატიები

ხაშურის მერიას დიმიტრი ყიფიანის ბიუსტის გამარტივებული წესით შესყიდვის უფლება არ მისცეს

ხაშურის მერიას დიმიტრი ყიფიანის ბიუსტის შესყიდვა გამარტივებული წესით სურდა, თუმცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უარი უთხრა. მერია ითხოვდა ექსკლუზიური უფლებამოსილებით, შეეძინა აღნიშნული ბიუსტი, რომელშიც 30 000 ლარს გადაიხდიდა. 

ხაშურის მერია აღნიშნული შესყიდვის საჭიროებას ასე განმარტავდა: 

“ქართველი საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის ღვაწლი ხაშურის მუნიციპალიტეტისთვის განსაკუთრებით ძვირფასია. დიმიტრი ყიფიანის სახელს ატარებს ქალაქ ხაშურის ცენტრში არსებული სკვერი, ქვიშხეთის საჯარო სკოლა და საპატრიარქოს სკოლა-პანსიონი. ქალაქის ცენტრში არსებულ სკვერში მიზანშეწონილია განთავსდეს ბიუსტი მისი პიროვნების ღვაწლის წარმოსაჩენად”, – განმარტავს მერია. 

ხაშურის მერია ასევე მიუთითებდა, რომ არ არსებობდა მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად, რის გამოც საჭირო იყო ექსკლუზიური უფლებამოსილებით ბიუსტის შეძენა. 

“გიორგი ჭანკოტაძეს ექსკლუზიურად აქვს შექმნილი დიმიტრი ყიფიანის არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია (ბიუსტი), რომელიც განთავსებულია თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში და მას ანალოგი არ გააჩნია, რაც დასტურდება საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის 2022 წლის 10 აგვისტოს N01/100-8184 გაცემული ცნობით. პროექტის ავტორი იღებს ვალდებულებას ბრინჯაოს მასალით დაამზადოს ანალოგიური ბიუსტი და დაამონტაჟოს ქალაქ ხაშურში დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერში”, – განმარტავს მერია. 

მიუხედავად, მერიის დასაბუთებისა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, აღნიშნული ბიუსტის შეძენა გამარტივებული წესით მიზანშეწონილად არ ჩათვალა და ხაშურის მერიას უარი განუცხადა. 

“სააგენტომ იმსჯელა შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვაზე, შეაფასა მასში მითითებული ინფორმაცია და დაადგინა, რომ იგი არ აკმაყოფილებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმებისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ მოთხოვნებს”, – ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განკარგულებაში. 

სააგენტოს განმარტებით, იმისათვის რომ გამარტივებული შესყიდვა განხორციელდეს, ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძვლით,  შესასყიდი ობიექტის მიწოდება უნდა იყოს მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლება და არ უნდა არსებობდეს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად. სააგენტო ამბობს, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით და ინფორმაციით არ დგინდება, რომ ზემოაღნიშნული საქონლის მიწოდება მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და არ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია იმავე საქონლის მიწოდება.

ხაშურის მერიაში ჯერჯერობით არ იციან, როდის გადაწყდება ბიუსტის დადგმის საკითხი. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერში მისი ბიუსტის განთავსებაზე მსჯელობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. აღნიშნული ინფორმაცია ხაშურის მერმა საზოგადოებას “ყიფიანობის” სახალხო დღესასწაულზეც აცნობა.

ამავე თემაზე: ხაშურში დიმიტრი ყიფიანის ბიუსტიც დაიდგმება – “ყიფიანობა” ქვიშხეთში 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.